"ძალიან შორს ნუ წავალთ" - მერაბ ტურავამ იმერლიშვილს დასმული კითხვის გამო, ფაქტობრივად, შენიშვნა მისცა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ კოლეგა ირინე იმერლიშვილს პრემიერის წარმომადგენლისთვის დასმული კითხვის გამო, ფაქტობრივად, შენიშვნა მისცა. ირინე იმერლიშვილი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს თანხმობა მთავრობის მხრიდან კოლეგებისთვის სატელეფონო საუბრის, ან ჰქონდა თუ არა ნებართვა სალომე ზურაბიშვილს მაშინ, როდესაც უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს დისტანციურად ჩაერთო.
სწორედ ამ კითხვების შემდეგ მერაბ ტურავამ ჩათვალა, რომ კოლეგა მოსამართლე "შორს მიდიოდა" ამ კითხვებით.
ძალიან შორს ნუ წავალთ, სასამართლო აფასებს მხოლოდ იმ ქმედებებს, რაც იმპიჩმენტს დაედო საფუძვლად, სატელეფონო-არასატელეფონო, მოგზაურობები-არამოგზაურობები, შეიძლება შორს წაგვიყვანოს,“ - განაცხადა მერაბ ტურავამ.
იმერლიშვილმა მთავრობის წარმომადგენელს ვახტანგ ბაჩიაშვილს ჰკითხა, აქვს თუ არა ვალდებულება სალომე ზურაბიშვილს რომ კოლეგისთვის ინაუგურაციის მისალოცად ნებართვა აიღოს პრემიერისგან.
ინაუგურაციაზე, როდესაც მიდის საქართველოს პრეზიდენტი, მომართავს მთავრობას და იღებს თანხმობას, ან არა. დავუშვათ იღებს თანხმობას. მაგალითად, როდესაც ტელეფონით ულოცავს კოლეგას არჩევას, ამ შემთხვევაში, იღებს თანხმობას?“ - ჰკითხა ბაჩიაშვილს მოსამართლე იმერლიშვილმა.
ეს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ნორმატიულ შინაარს წარმოადგენს და თავისუფლად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას,“ - უპასუხა ბაჩიაშვილმა.
იმერლიშვილმა მთავრობის წარმომადგენელს სთხოვა განემარტა, რა მოხდა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად ჩაერთო უკრაინულ მხარეს. როგორც ირკვევა, სალომე ზურაბიშვილს მთავრობის მხრიდან ონლაინ ჩართვაზეც არ ჰქონდა ნებართვა და დისტანციურად მიმართვაც მთავრობის შეფასებით, კონსტიტუციის დარღვევაა.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე პრეზიდენტმა ითხოვა წასვლა და უარი მიიღო, თუ არასწორია? რამდენადაც მახსოვს ასე იყო. ონლაინ ჩაერთო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და მიმართა, ეს იყო თუ არა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან და ამაზე თანხმობა, რამდენადაც ვიცი, არ ჰქონდა,“ - იკითხა იმერლიშვილმა.
ყირიმის პლატფორმაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტმა წერილობითი წინადადებით მომართა საქართველოს მთავრობას, საფუძვლად დაუდო 52-ე მუხლი, საქართველოს მთავრობისგან მიიღო ოფიციალურად უარი, მაინც ჩაერთო ამ ღონისძიებაში, რასაკვირველია, დაარღვია კონსტიტუცია,“ - უპასუხა ბაჩიაშვილმა.