"გაუგებარია აქცენტი გეოგრაფიაზე" - ჩუგოშვილის თქმით, უცხოელ კოლეგებთან თბილისში შეხვედრა მთავრობას კონსტიტუციის დარღვევად არასდროს შეუფასებია

03.10.23 17:58
"გაუგებარია აქცენტი გეოგრაფიაზე" - ჩუგოშვილის თქმით, უცხოელ კოლეგებთან თბილისში შეხვედრა მთავრობას კონსტიტუციის დარღვევად არასდროს შეუფასებია

კონსტიტუციის თანაავტორმა, კონსტიტუციის ავტორს ის არგუმენტები ჩამოუთვალა, რომელიც ადასტურებს ფაქტს, რომ პრეზიდენტს ევროპაში გამგზავრებით ქვეყნის მთავარი კანონი არ დაურღვევია. 

პრეზიდენტის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში პირდაპირ თქვა, რომ უცხოელ კოლეგებთან თბილისში შეხვედრა საქართველოს მთავრობის მხრიდან არასდროს აღქმულა კონსტიტუციის დარღვევად, შესაბამისად ჩუგოშვილი დაინტერესდა, რატომ აპელირებს მოსარჩელე მხარე გეოგრაფიაზე, მაშინ როცა პრეზიდენტმა ევროპული ტურნე დაგეგმა. 

„გაუგებარია აქცენტი გეოგრაფიაზე. წარმომადგენლობა საგარეო ურთიერთობებში ხორციელდება არა მხოლოდ ვიზიტების დროს, არამედ შეიძლება განხორციელდეს ქვეყნის შიგნით"- მიმართა მან ირაკლი კობახიძეს.

ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით სხვა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობების პირებთან და კოლეგებთან შეხვედრებისთვის არასდროს დასჭირვებია მთავრობის თანხმობა, რაც საბოლოოდ, ხელისუფლების წარმომადგენელმაც აღიარა. 

მეტიც, ჩუგოშვილმა კონკრეტული ფაქტებიც მოიყვანა, მისი თქმით,  2023 წლის 9 აგვისტოს მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა, შეხვედროდა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. თუმცა, მოგვიანებით, პრეზიდენტის მიერ თბილისში იგივე თანამდებობის პირთან  შეხვედრა "მთავრობას არცერთ ეტაპზე ეს შეხვედრა არ განუხილავს როგორც კონსტიტუციის დარღვევა, არავის არ უთქვამს და არ დაუყენებია ეს არც მთავრობას კითხვის ნიშნის ქვეშ"

„საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის პრეზიდენტს გერმანიის ტერიტორიაზე შეხვდება, თუ საქართველოს ტერიტორიაზე, მნიშვნელობა არ აქვს. შინაარსით ის აკეთებს ერთსა და იმავეს. პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით სხვა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობების პირებთან და კოლეგებთან შეხვედრებისთვის არასდროს დასჭირვებია მთავრობის თანხმობა”,- აცხადებს გამოცდილი იურისტი. 

კონსტიტუციის თანაავტორი პირდაპირ ამბობს, რომ  პრეზიდენტს ვერავინ აუკრძალავს, ესაუბროს უმაღლესი თანამდებობის პირებს იმაზე, რაც არის საქართველოს გაცხადებული მიზანი.

მსგავსი სიახლეები