მას შემდეგ რაც "ტვ პირველმა" ვიდეო გაასაჯაროვა, გამოძიება დაინტერესებულია, იმით თუ რატომ არსებობს ეს კადრები - ეძგვერაძე
გამოძიება დაინტერესებულია, რატომ არსებობს დანაშაულის ამსახველი კადრები, რომელიც "ტვ პირველმა" გაასაჯაროვა - ამის შესახებ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ოცნების" ზონდერ-ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი პოლიტიკოსის თქმით, საგამოძიებო სამსახურის ერთადერთი მიზანი საქმის მიჩქმალვა და არა გამოძიებაა.
საგამოძიებო სამსახურის ერთადერთი მიზანი და მისია, გლდანში მომხდარი სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული კრიმინალური აქტის შემდეგ, რომ საქმის მიჩქმალვა და არა გამოძიებაა, ნათელი იყო პირველივე დღიდან, მაშინ როცა:
არ მოხდა პრევენცია;
დაიჭირეს ამ ფაქტით შეშფოთებული ჩემი მეგობრები;
თქვეს, რომ ეს დანაშაული სულ ექვსმა ადამიანმა ჩაიდინა.ახლა კი, როდესაც ტვ პირველმა გაასაჯაროვა კადრები, გამოძიება დაინტერესებულია, რატომ არსებობს ამ დანაშაულის ამსახველი კადრები;
იმის მაგივრად, მოეძიებინათ კადრები, შეშფოთებულები არიან მათი არსებობით და პოტენციურად ახალი კადრების გამოჩენით, დადიან კორპუსში და ცდილობენ ადამიანების დაშინებას.
მეტისმეტად ბევრნი ვართ, ადამიანები ვინც ვართ მართლები და ვიბრძოლებთ სიმართლისთვის.
რა მოხდა დღესავით ნათელია - ვერ დამალავთ, ვერ მიჩქმალავთ, თქვენს კრიმინალურ სახეს ვეღარ დამალავთ და ყოველი მცდელობით, მხოლოდ უფრო ნათელი გახდება სიმართლე!"- წერს ეძგვერაძე.
"შაბათის ეთერის" გუნდმა მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც გლდანში ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილ სისხლიან ანგარიშსწორებას ასახავს. კადრები ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული და მასში ჩანს, რომ ავტოფარეხში, სადაც საკრებულოს წევრს სავარჯიშო დარბაზი აქვს მოწყობილი, დეპუტატ ეძგვერაძესა და მის მეგობრებს, ოცზე მეტი თავდამსხმელი ფიზიკურად უსწორდება, რამდენიმე წუთში ავტოფარეხიდან პროცესები ეზოში ინაცვლებს, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ბანდა, ცივი იარაღით ხელში, გადარჩენის მიზნით, ტერიტორიას გარიდებულ პირებს მისდევს.
თავდასხმის პოლიტიკური მოტივი, ვიდეოჩანაწერიდანვე დგინდება, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა და მისი დაჯგუფება, ხმამაღლა ყვირის, რომ ირაკლი ეძგვერაძეს თავს მხოლოდ იმის გამო დაესხნენ რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.