აბსოლუტურად თავისუფალი ვარ - ტურავას მტკიცებით, მიკერძოებული არ არის
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა ამტკიცებს, რომ მიკერძოებული არ არის და სრულიად თავისუფალია გადაწყვეტილების მიღებაში.
ტურავას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო ორივე მხარის პოზიციას მოისმენს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანს გადაწყვეტილებას.
კითხვაზე, იყო თუ არა არათანაბარ პირობებში წარმოდგენილი ორი მხარე, რაზედაც პრეზიდენტის წარმომადგენლები საუბრობენ, ტურავა ამბობს, რომ, "ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ ეს რაღაცაში უნდა გამოიხატოს"
ჩვენ რომ გვდომებოდა, რაიმე შავი, ბნელი გადაწყვეტილების მიღება, მაშინ ამ სხდომას საერთოდ არ ჩავატარებდით. სასამართლოს შეეძლო, საერთოდ არ გამოეძახა არც წარდგინების ავტორები, არც პრეზიდენტის წარმომადგენლები, ისე, დახურულ კარს მიღმა მიეღო გადაწყვეტილება. ის, რომ ჩვენ ერთიც და მეორეც მოვიწვიეთ და საჯაროდ ჩავატარეთ ეს პროცესი, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ არცერთი მხარის მიმართ არ ვართ და ვერც ვიქნებით მიკერძოებულები. აბსოლუტურად და სრულიად თავისუფალი ვარ. ჩვენ როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ვღებულობთ, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის კონსტიტუციის შესაბამისი. არავითარი აგრესია არც პრეზიდენტის და არც მისი წარდგინების ავტორების მიმართ არ გვაქვს. ეს არის თქვენი მცდარი განცდები. შესაბამისად, როდესაც დასრულდება პროცესი და მოვუსმენთ ორივე მხარეს, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას". - ამბობს ტურავა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - დღე მეორე. პლენუმი -პრეზიდენტის საქმის განხილვას წუთი-წუთზე იწყებს. ეპიცენტრი საკონსტიტუციო სასამართლოს ყველაზე დიდი დარბაზია,სადაც 9 მოსამართლე, "ოცნების" ლიდერები და პრეზიდენტის წარმომადგენლები უკვე მივიდნენ.