საფუძველს მოკლებულია! - ლანა გალდავა "მანიფესტაციების" შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე

04.10.23 13:20
საფუძველს მოკლებულია! - ლანა გალდავა "მანიფესტაციების" შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე

,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში ცვლილებებს "ლელოს" წევრი ლანა გალდავა აბსურდად მიიჩნევს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ კანონში ყველა აკრძალვა ისედავ დეტალურად არის გაწერილი და დამატებით შეზღუდვების შეტანას არ საჭიროებს. 

გალდავა ხელისუფლებას რიტორიკულ შეკითხვასაც უსვამს და ინტერესდება, თუ ქვეყნის უსაფრთხოებას რეალური საფრთხე შეექმნება, ამ პროცესს მხოლოდ კარვების და რკინის კონტსრუქციების აკრძალვით ებრძვიან? 

საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის მიერ კანონში ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” ინიცირებული ცვლილების კანონად გარდაქმნის შემთხვევაში,   შეიზღუდება შეკრებებზე, ან მანიფესტაციებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული კონსტრუქციების დემონტაჟი და ასეთი ქმედების ვერგანხორციელების შემთხვევაში კი კანონმდებლობით გათვალისწინეული ზომების გატარება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით:

1) შეკრების თავისუფლება არის კონსტიტუციით დაცული უფლება. შესაბამისად, კონსტიტუციაშივე  არის გაწერილი ის,  რომ ადამიანს  შეუძლია წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეიკრიბოს. კონსტიტუცია თავად აწესებს შეზღუდვებს.   მაგ,  შეკრება შეუძლია ყველას, გარდა  იმ  პირებისა, რომლებიც  არიან  თავდაცვის ძალების, ან  სახელმწიფო  ან  საზოგადოებრივი უსაფრთხოების  დაცვაზე  პასუხისმგებელი  ორგანოს  შემადგენლობაში. ამასთანავე, კანონით  შეიძლება  დაწესდეს  ხელისუფლების  წინასწარი გაფრთხილების  აუცილებლობა,  თუ  შეკრება  ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. რაც შეეხება ხელისუფლებას,  მას  შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ  შემთხვევაში  თუ  შეკრებამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო;

2) დღეს   მოქმედი კანონი   ,,შეკრებებისა   და   მანიფესტაციების   შესახებ“   ასევე ითვალისწინებს შეზღუდვების, აკრძალვების, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის,  ადმინისტრაციული  და  კულტურული  მემკვიდრეობის  ძეგლების ბლოკირების,  ვიზუალური მხარის  დამახინჯების,  დაზიანების  ან/და   სხვაგვარი ხელყოფის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და დაუშვებლობას, ასევე, შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილე მოქალაქის მიერ კონკრეტული ნივთების ქონის აკრძალვებასაც. მთავარი კი არის კანონში ჩანაწერი, რომ  ,,დაუშვებელია შეკრების ან  მანიფესტაციის  ორგანიზებისას  და  ჩატარებისას  მოწოდება  საქართველოს კონსტიტუციური  წყობილების  დამხობისაკენ ან  ძალადობით  შეცვლისაკენ, ქვეყნის  დამოუკიდებლობის  ხელყოფისა  და  ტერიტორიული  მთლიანობის დარღვევისაკენ,  ან  ისეთი  ოწოდება,  რომელიც არის ომისა  და  ძალადობის პროპაგანდა,  აღვივებს ეროვნულ,  კუთხურ,  რელიგიურ  ან  სოციალურ შუღლს და ქმნის  ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების  აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს“.     

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რატომ მოუნდა უმრავლესობას დღეს,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების საფუძველზე შეიცვალოს  კონსტიტუციითა და კანონებით დაცული უფლება და ისიც დაჩქარებული წესით? როგორ უნდა შეაფასოს სამართალდამცავმა პირმა შეკრებასა და მანიფესტაციაზე დროებითი კონსტრუქციის საჭიროება და რელევანტურობა? კანონმდებელი სამართალდამცავს მოქალაქის გამოხატვის ფორმის შინაარსს აფასებინებს? რა იგულისხმება მსუბუქ კონსტრუქციაში? რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ინტერპრეტირებისთვის სივრცე? პოლიციელმა უნდა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, თუ არკვიოს მსუბუქი კონსტრუქციების შინაარსი და რელავანტურობა? ყველაფერს კი მოჰყვება კონფისკაცია, გასაჩივრების პროცედურების ვადები და სასამართლოში არსებული პრობლემები, განსაკუთრებით კი  უარყოფითი განწყობები და სტატისტიკა მომიტინგეთა მიმართ. ასე რომ,  საფუძველს მოკლებულია ყველა ჩამოთვლილი ინიციატივა, როდესაც კანონში ისედაც დეტალურად არის გაწერილი შეზღუდვა-აკრძალვები, რასაც სამართალდამცველები, ამ შემთხვევებში, ზედმიწევნით კარგად იცავენ.

და ბოლოს, რიტორიკული შეკითხვა!!! თუ ქვეყნის უშიშროებას, ეროვნულ უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ მართლწესრიგს  ვინმე რეალურ საფრთხეს უქმნის, სახელმწიფო  კარვის, სცენის და ა.შ. კონსტრუქციების აკრძალვით,  ებრძვის?  რომელიმე დაანონსებული ,,გადატრიალება-გადმოტრიალების” სცენარი დასრულდა გამოძიების კონკრეტული შედეგით? დაკავებული პირებით, აგენტურული ქსელების გამოვლენით და ჯაშუშების დაკავებით? და მაინც, მე კვლავ  იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვინაობა მაინტერესებს, მოკვლას რომ  უპირებდნენ და მკვლელობის მცდელობის, ან მკვლელობის მცდელობის მომზადებისთვის თუ არის ვინმე დაკავებული, დაკითხული მაინც, - ამბობს ლანა გალდავა. 

მსგავსი სიახლეები