განცხადება, რომ პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, "კაგებეს" სახელმძღვანელოდანაა ამოკითხული - პაპუაშვილი ოპოზიციას

04.10.23 14:15
განცხადება, რომ პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, "კაგებეს" სახელმძღვანელოდანაა ამოკითხული - პაპუაშვილი ოპოზიციას

ნებისმიერი განცხადება, თითქოს, საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, "კაგებეს" სახელმძღვანელოდან ამოკითხული პროპაგანდისტული ინსტრუმენტებია, - ამ სიტყვებით მიმართა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.

პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლება უფლებას არავის მისცემს, რომ ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში თქვან, რომ პარლამენტი თითქოს იღებს რუსულ კანონებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს მაქვს ვალდებულება, პარლამენტის ღირსების დასაცავად ყველა ზომა მივიღო. დღეს არაერთხელ მოვისმინეთ, ტერმინი „რუსული კანონი“. მინდა ამასთან დაკავშირებით კატეგორიულად განვაცხადო ერთი რამ. საქართველოს პარლამენტი, სადაც სხედან ქართველი ხალხის არჩეული წარმომდგენლები, იღებს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ კანონებს. ჩვენ რაც მარტში, ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით ვიხილეთ, ეს იყო ტიპური "კაგებეს" წიგნებიდან ამოკითხულ პროპაგანდის ტაქტიკები, რათა თეთრს დაერქვას შავი, ქართულს რუსული. იმ პროპაგანდისტული საინფორმაციო შტურმით, მათ უნდოდათ სადისკუსიო თემის დისკრედიტაცია.

შეიძლებოდა დისკუსია, მსჯელობა, მაგრამ იარლიყის მიკვრით და ბრენდირებით, არადემოკრატიულად, ზუსტადაც რუსული სტილით, "კაგებეს" წიგნიდან ამოკითხული ტაქტიკებით ქართველმა და უცხოელმა აქტორებმა ჩირქი მოსცხეს საქართველოს პარლამენტს. ამ საინფორმაციო შტურმში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი აქტორები. ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე. შესაბამისად, თავდასხმა ქართველ ხალხსა და ქართულ დემოკრატიაზე.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოკითხული პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და ამის უფლებას ამ დარბაზში არავის მოგცემთ. ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში იმის თქმის უფლებას, რომ საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, არ მოგცემთ. ეს პროპაგანდა არავის გაგივათ, არც ქართველ და არც უცხოელ აქტორს, ქართულ კანონს, ქართულ პარლამენტს რუსული კანონი, რუსული პარლამენტი, რომ დაარქვათ და ამით შეურაცხყოფა მიაყენოთ, თავს დაესხათ ქართველ ხალხს, მის არჩეულ წარმომადგენლებს და ქართულ დემოკრატიას“, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები