უნისონში თუ იქნებოდა პრეზიდენტის პოლიტიკური განცხადებები, წასვლა ამ ჯერზეც ეპატიებოდა? - მანანა კობახიძე ირაკლი კობახიძეს

04.10.23 15:12
უნისონში თუ იქნებოდა პრეზიდენტის პოლიტიკური განცხადებები, წასვლა ამ ჯერზეც ეპატიებოდა? - მანანა კობახიძე ირაკლი კობახიძეს

უნისონში თუ იქნებოდა პრეზიდენტის ყველა პოლიტიკური განცხადება და არ იქნებოდა კრიტიკა, ამ ჯერზეც ეპატიებოდა ეს წასვლა? - ამ კითხვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ და "ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა მანანა კობახიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განსახილველ სხდომაზე და ირაკლი კობახიძეს შეახსენა, რომ პრეზიდენტს წინა წელსაც არ ჰქონდა ვიზიტზე თანხმობა, მაგრამ წავიდა და იმპიჩმენტი არ დაინიცირდა.

მანანა კობახიძემ "ოცნების" თავმჯდომარეს მეტი მტკიცებულებები მოსთხოვა და უთხრა, რომ დარწმუნებას საჭიროებს, რომ პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას არ აქვს ადგილი.

„მე, როგორც ერთი მოსამართლე, მინდა დავრწმუნდე, რომ ეს [იმპიჩმენტის დაწყება] არა პოლიტიკური ანგარიშსწორებით და პოლიტიკური უთანხმოებითაა გამოწვეული, არამედ მიგაჩნიათ, რომ იმ დონის დარღვევაზეა საუბარი, რომლის ჩადენის და სამართლებრივად დადასტურების შემთხვევაში წარმოუდგენელი და შეუთავსებელი შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე დატოვება.

როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, საქმის მასალებს ვეყრდნობით, როდესაც გვეუბნებით, რომ შარშანაც იყო ფაქტები, რომ თანხმობა არ მიეცით, მაგრამ წავიდა, მაშინ იმპიჩმენტი არ დაინიცირდა.

უნისონში თუ იქნებოდა მისი ყველა პოლიტიკური განცხადება, მისი ყველა ნაბიჯი, არ იქნებოდა კრიტიკა, ეპატიებოდა ამ ჯერზეც ეს წასვლა?

შეგრძნება მრჩება, რომ სასამართლოში მეტი მტკიცებულებები უნდა გაცხადდეს, რომ ნამდვილად დარღვევაზე გვქონდეს საუბარი“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები