ლაშქარავას სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყო თქვენი დაცვის ამოცანა? სადამდე მიხვედით, ამჩნევთ? - ნაცვლიშვილი "ოცნებას"

04.10.23 16:15
ლაშქარავას სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყო თქვენი დაცვის ამოცანა? სადამდე მიხვედით, ამჩნევთ?  - ნაცვლიშვილი "ოცნებას"

ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის ლოზუნგით მოგვევლინეთ, სადამდე მიხვედით, ამჩნევთ? - ასე მიმართა "ლელს" ლიდერმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს. 

მისი თქმით, "ცარიელი ფურცლების" საქმე "ხელისუფლების" სახეა. "ცარიელი ფურცელი რომ უჭირავს ადვოკატს ხელში და პარლამენტის წინ მშვიდობიანად დგას, ამის გამო აჯარიმებთ, ეს „ქეისი“ თქვენი სახეა".

„შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვისას ნაცვლიშვილმა თქვა, რომ შეკრება-მანიფესტაციების წინააღმდეგ ბრძოლა მაშინ იწყება, როდესაც ხელისუფლება კარგავს ძალას, შესაძლებლობას და მორალურ რესურსს, რომ ელაპარაკოს საკუთარ მოქალაქეებს. 

დეპუტატმა "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეც გაიხსენა და "ქართულ ოცნებას" მიმართა, რატომ არ დაიცვა სახელმწიფომ ახალგაზრდა კაცი?

თურმე ადამიანის უსაფრთხოება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილა თქვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი და ამის დაცვას ცდილობთ ახლა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ლექსო ლაშქარავას სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად არ იყო მაშინ ეს სტანდარტი? თუ კარავი რომ არ იყო აკრძალული ამან შეგიშალათ ხელი? ძალიან კარგად გვახსოვს პოლიციელების მიერ გაკეთებული კორდონი მოძალადეებისთვის, რომ მიექსიათ, მიეშვათ და ადამიანი სიკვდილამდე სცემეს. ეს ფაქტი ხომ არ დაგავიწყდათ? ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყო თქვენი დაცვის ამოცანა? არ უნდა დაგეცვათ? ან იმ პოლიციის ამოცანა, რომელსაც ახლა ახალ კანონპროექტს აჩეჩებთ? კარვის დაუდგმელობამ ვერ დაგაცვევინათ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა?- ამბობს ნაცვლიშვილი. 

"ლელოს" ლიდერმა მმართველ ძალას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედების პროტესტი გაახსენა და თქვა, რომ მათ პოლიცია ხელისუფლების მითითებით,  ღამე კარვის გაშლის შესაძლებლობას არ აძლევდა: 

იქ რომელი მიხვედით? აი, ეგ არის თქვენი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის მიმართ. დედებს უწევდათ ღამეები ეთენებინათ, რომ შვილებისთვის წამალი მოეპოვებინათ და ამ დროს თქვენ არ აძლევდით შესაძლებლობას, რომ ღამე მაინც არ გაყინულიყვნენ ქალები, რომლებიც დღეების და ღამეების გამავლობაში იყვნენ გარეთ, რომ თქვენთვის ხმა მოეწვდინათ. აი, ეგ არის თქვენი სტანდარტი, თუ როგორ უფრთხილდებით ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას"- დასძინა მან.

ნაცვლიშვილი იქვე დაინტერესდა, უმრავლესობიდან წარმოდგენილი, რომელიმე თუ მდგარა აქციაზე  ცხოვრების განმავლობაში?

არ მახსოვხართ. რომ მდგარიყავით სხვანაირი მიმართება გექნებოდათ შეკრების და მანიფესტაციის უფლებასთან და მუდმივი მცდელობა არ გექნებოდათ მშვიდობიანი აქციის და პროტესტის დემონიზების. არ გექნებოდათ ამის მცდელობები, მაგრამ როდესაც ხელისუფლება კარგავს ძალას, შესაძლებლობას და მორალურ რესურსს, რომ ელაპარაკოს საკუთარ მოქალაქეებს, მაშინ იწყება შეკრება-მანიფესტაციების წინააღმდეგ ბრძოლა. თუ მდგარხართ აქციაზე, კარგად გემახსოვრებათ, როდის იბრძვის ხელისუფლება მანიფესტაციების წინააღმდეგ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები