პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება უსაფუძვლოა- საიას სამართლებრივი შეფასება

04.10.23 17:33
 პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება უსაფუძვლოა- საიას სამართლებრივი შეფასება

"უსაფუძვლოა პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება" - არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს.

მესამე სექტორის განცხადებით, "მთავრობამ თავად არ შეასრულა შემხვედრი ვალდებულება, რომელიც თანხმობის გაცემას გულისხმობდა". "საია" განმარტავს, რომ ვინაიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტი მოახლოებულია, პრეზიდენტის ეს ვიზიტები არსებითი მნიშვნელობისაა.

პრეზიდენტი მოქმედებდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო მთავრობამ თავად არ შეასრულა შემხვედრი ვალდებულება, რომელიც თანხმობის გაცემას გულისხმობდა პრეზიდენტის მიერ ისეთი ქმედებების სისრულეში მოსაყვანად, როგორიცაა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვის შეხვედრების და მოლაპარაკებების წარმოება. იმის გათვალისწინებით, რომ მოახლოებულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტი, პრეზიდენტის ეს ვიზიტები არსებით მნიშვნელობას იძენს, ხოლო მთავრობის მხრიდან ამ აქტივობების დაყოვნება თუ ხელშეშლა, თავად მთავრობის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, "პარლამენტს არ აქვს ვალდებულება, სასამართლოს დასკვნით დადგენილი, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი აუცილებლად გადააყენოს". მათი თქმით, სახელმწიფოს შეიძლება, რომ ჰყავდეს მეთაური, რომელიც ფორმალურად არის კონსტიტუციის დამრღვევი, მაგრამ მაინც თანამდებობაზე იყოს.

პარლამენტს არ აქვს ვალდებულება, სასამართლოს დასკვნით დადგენილი, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი აუცილებლად გადააყენოს. იმპიჩმენტი პოლიტიკურ-სამართლებრივი ელემენტების მქონე პროცესს წარმოადგენს. სამართლებრივი მხარე იკვეთება მისი დაწყების საფუძვლებში და სასამართლოს მიერ მათ დადასტურებაში, ხოლო პოლიტიკური კი - საპარლამენტო ორგანოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, მაგრამ პარლამენტი ვერ შეძლებს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში (დასკვნის მიღებიდან 2 კვირაში) პრეზიდენტის გადაყენებას იმპიჩმენტის წესით, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია. შესაბამისად, სახელმწიფოს შეიძლება ჰყავდეს მეთაური, რომელიც ფორმალურად კონსტიტუციის დამრღვევია, თუმცა მაინც თანამდებობაზეა. ეს აიხსნება იმით, რომ იმპიჩმენტის პროცესი არის პოლიტიკური და საბოლოო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ხელისუფლების ხელშია", - ნათქვამია "საიას" შეფასებაში.

მსგავსი სიახლეები