"ოცნების" ლოგიკა: პრეზიდენტს ვიზიტების, ზარის განხორციელებისა და პოსტის დადების უფლებაც კი არ აქვს
პრეზიდენტი ვერდიქტის მოლოდინში - საკონსტიტუციო სასამართლოში საგანგებოდ მივლენილი ირაკლი კობახიძე დღეს მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს ფაქტობრივად არაფრის უფლება არ აქვს.
თუ კობახიძის ლოგიკით, თუ სალომე ზურაბიშვილი ნებართვას მთავრობიდან არ მიიღებს, არ აქვს საზღვარგარეთ ვიზიტების უფლება, უცხოელ ლიდერებთან სატელეფონო კომუნიკაცია და უფრო მეტიც, არ აქვს უფლება კონკრეტული შინაარსის განცხადებები სოციალურ ქსელში დადოს
7 საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი მედიასთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ წარმართული იმპიჩმენტის პროცესი "სრული აბსურდია".
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი პარტიის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, პრეზიდენტს საგარეო მიმართულებით არსებობას აუკრძალავს.
პრეზიდენტს არ აქვს არაფრის უფლება, არც შეხვედრის, არც ვიზიტის, არც ზარის განხორციელების, მას რომ ურეკავდეს სხვა ქვეყნის ლიდერი არ უნდა უპასუხოს ტელეფონს. არ აქვს უფლება, რომ დადოს რაიმე პოსტი, ტვიტი და როგორც გითხარით, არანაირი ქმედების განხორციელების უფლება არ აქვს მთავრობის თანხმობის გარეშე. ყველაფერი, მათ შორის, სრულიად ცერემონიული ფორმით მოსაზრების გამოხატვაც კი უნდა განხორციელდეს მთავრობის თანხმობით. ეს არის სრული აბსურდი, სხვა სიტყვას ვერ გამოვიყენებ. ეს არის რაღაც, რასაც ანალოგი მსოფლიოს არ აქვს და მე ვერ წარმომიდგენია, სასამართლომ, როგორ შეიძლება ეს არგუმენტაცია გამოიყენოს, რომ პრეზიდენტს, რომელიც არის ქვეყნის წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, მთავრობის გარეშე საერთოდ არ აქვს უფლება, რომ სხვა ქვეყნის ლიდერი რომ ურეკავს ტელეფონს უპასუხოს. ეს არის წარმოუდგენელი რამ და ვერ ვხვდები, როგორ მივიდნენ აქამდე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო თუ დაეთანხმება ამ იმპიჩმენტის მოთხოვნას, ფაქტობრივად, პრეზიდენტს აუკრძალავს საგარეო მიმართულებით არსებობას. ჩვენმა მოქალაქეებმა თავად განსაჯონ, ეს რამდენად ადეკვატურია - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ წარმართული იმპიჩმენტი აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესია, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან არის დაკავშირებული.
ეს არის ცალსახად პოლიტიკური პროცესი, რასაც კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ აყენებს. იმპიჩმენტის დაწყებაც და დასრულებაც არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც პოლიტიკოსებისა და პარლამენტის ხელშია. ამ პროცესის დამწყებებიც არ აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. საინტერესოა, რას ემსახურება და რატომ დაიწყო და როდის დაიწყო. დაიწყო მაშინ, როდესაც მივუახლოვდით კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას და დაიწყო რა თემაზე, როცა ჩვენი პრეზიდენტი ხვდებოდა ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.