სამადაშვილი დავითაშვილს - როცა მთელი თავისუფალი სამყარო ცდილობს რუსეთისგან დამოუკიდებელი გახდეს, თქვენ რატომ აბამთ ქვეყნის ეკონომიკას რუსეთს?

04.10.23 19:52
სამადაშვილი დავითაშვილს - როცა მთელი თავისუფალი სამყარო ცდილობს რუსეთისგან დამოუკიდებელი გახდეს, თქვენ რატომ აბამთ ქვეყნის ეკონომიკას რუსეთს?

"ოცნებამ" საქართველოს ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკის დანამატი გახადა - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

სამადაშვილის თქმით, კორუმპირებული მთავრობის ჩინოვნიკების ოჯახები გაღატაკებული ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულის მეშვეობით ვითარდება.

ბატონო მინისტრო, ბევრი ისაუბრეთ თქვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებაზე, თუმცა, დაგავიწყდათ გეთქვათ, რომ ფაქტობრივად ჩვენი ეკონომიკა ხდება რუსეთის ეკონომიკის დანამატი. თუ შეიძლება აგვიხსნათ, რა ხდება ქვეყანაში. 2014 წელს, ევროკავშირში ჩვენი ექსპორტის წილი 27% იყო, დღეს 15%-მდეა შემცირებული, რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ექსპორტი 31% იყო, 15%-მდეა შემცირებული. პარალელურად, რუსეთში და „დესეთეს“ ქვეყნებში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა. მთლიანი ექსპორტი „დესეთეს“ ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, 47%-დან 73%-მდე გაიზარდა, ანუ ჩვენ სხვა ქვეყნებთან აღარ ვვაჭრობთ გარდა რუსეთის და რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნებისა. თუ შეიძლება, აგვიხსნათ, რატომ ხდება ეს, არის თუ არა ეს საფრთხე ჩვენი სახელმწიფოსთვის.

აქვე მინდა გკითხოთ საბიუჯეტო თანხების იმ უზარმაზარ ფლანგვაზე, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებას უკავშირდება. საზოგადოებამ რომ იცოდეს, გასული 12 წლის მანძილზე, „ქართულმა ოცნებამ“ 590 მილიონამდე გაზარდა ფული, რომელიც იხარჯება, ცხადია, გადასახდელების გადამხდელების, ოღონდ სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი 9,6%-დან 7%-მდე შემცირდა. ბატონო მინისტრო, მაინტერესებს, როგორ ხდება, გაღატაკებული ხალხის ჯიბიდან ამოღებულ ფულს ხარჯავთ და შესაბამის ეკონომიკურ დარგს ვერ ავითარებთ. თუმცა, ძალიან წარმატებით ვითარდება თქვენი კორუმპირებული მთავრობის ჩინოვნიკების ოჯახების ბიუჯეტი, ეს ფული სად მიდის, სოფლის მეურნეობაში, თუ ტარიელ ღარიბაშვილის ჯიბეში, თუ შეიძლება, რომ აგვიხსნათ ეკონომიკური განვითარების მოდელის ეს პარადოქსი, რომ ფულს დებთ დარგში და არანაირი ზრდა არ არის. რამდენიმე ციფრი მინდა მინისტრმა დააზუსტოს. მაინტერესებს საზოგადოებას აუხსნათ, 14,2%-მდე გაიზარდა საქართველოს მშპ-ს რუსეთიდან შემოსული რესურსები, არის თუ არა ეს საფრთხე ქვეყნისთვის და 7-ჯერ გაიზარდა რუსეთიდან ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში. როცა მთელი მსოფლიო, ყოველ შემთხვევაში, თავისუფალი სამყარო ცდილობს რუსეთისგან დამოუკიდებელი გახდეს, თქვენ რატომ აბამთ ამ ქვეყნის ეკონომიკას რუსეთს, თუ შეიძლება აგვიხსნათ და არის თუ არა, ეს საფრთხე, თქვენი შეხედულებით, როგორც ჯერ კიდევ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის - აღნიშნა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები