დღეს ირაკლი კობახიძის აღიარება მოვისმინეთ - ფიქრია ჩიხრაძე
პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ დღეს გამართულ საკონსტიტუციო სასამართლო სხდომაზე ირაკლი კობახიძის აღიარება მოისმინეს. მისი თქმით, ის მოსამართლეები, რომლებიც მმართველ პარტიასთან ლოიალურობაში შემჩნეულები არიან, დღეს უხერხულობაში იყვნენ.
ფიქრია ჩიხრაძის აზრით, მმართველი პარტიის ინტერპრეტაციის გათვალისწინებით სალომე ზურაბიშვილს არანაირი უფლება აღარ დარჩა.
ის უფლებები, რაც დარჩენილი აქვს პრეზიდენტს, მათი ინტერპრეტაციით ეს უფლებებიც არ არსებობს, თუკი მას დასტურს მმართველი ძალა არ მისცემს. ირაკლი კობახიძის დღევანდელი გამოსვლა იყო თვითაღიარება, რომელმაც დღეს გვითხრა, რომ მათი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება პრეზიდენტის პოზიციისგან, რომელიც ღიად ევროპულ ინტერესს იცავს. დღეს პირდაპირ გვითხრეს, რომ იმ პერიოდში, როდესაც გარკვეული შეფასებები უნდა გაკეთდეს ევროსაბჭოს მიმართ, მათ სწორედ ამ მომენტში დაამთხვიეს სასამართლო განხილვა. ისეთი მოსამართლეებიც, რომლებიც მმართველი პარტიის მიმართ გულკეთილობაში არიან შემჩნეული, გარკვეულ უხერხულობაში იყვნენ ჩავარდნილი და ეუბნებოდნენ, რომ თქვენს გამოსვლებში უფრო მეტი სამართლებრივი არგუმენტაცია უნდა მოიტანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ხართ მიკერძოებულნი - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.