“საქართველოს დაღმასვლა საერთაშორისო რეიტინგებში” - ვასო ურუშაძემ პრეზენტაცია გამართა
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გატარებული რეფორმების ინტენსივობა იყო 2.2 ჯერ უფრო მეტი და 60 პროცენტით უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა მშპ-ის მაჩვენებელი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდთან შედარებით, რის გამოც წამყვანი პოზიციები ეჭირა საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ინდექსებში.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.
დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ კვლევის “საქართველოს დაღმასვლა საერთაშორისო რეიტინგებში” პრეზენტაცია გამართა. კვლევა მოიცავს 20 წლიან პერიოდს - 2003-2012 და 2012-2023 წლებს.
ჩვენ შევისწავლეთ 13 მნიშვნელოვანი საერთაშორისო რეიტინგი რომელიც მოიცავს 20 წლიან პერიოდს, 2003-2012 და 2012-2023 წლებს.
საერთაშორისო ინდექსების კვლევამ წარმოაჩინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გატარებული რეფორმების ინტენსივობა იყო 2.2 ჯერ უფრო მეტი, რაც შედეგობრივად აისახა, როგორც მშპ-ის მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე და „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით 60%-ით უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა მშპ, ასევე საქართველოს საერთაშორისო რეიტინგების პოზიციონირებაში.
მსოფლიოს სხვადასხვა ინდექსებში საქართველომ წამყვანი პოზიციები დაიკავა და ღირსეული ადგილი განიმტკიცა ლიდერ სახელმწიფოებს შორის, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც კი პროგრესი შენარჩუნებული იყო 2014-1016 წლებამდე, რაც დაკავშირებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გატარებული რეფორმების ინერციის ეფექტზე.
2017–2022 წლებში, სახეზეა სტაგნაციის პერიოდი, ფაქტობრივად 2021/22 წლების რეიტინგების მაჩვენებლები გაუტოლდა 2012-2013 წლების მაჩვენებლებს. ამასთან უმეტესობა რეიტინგების შეფასებისას 2019–2022/23 წწ სახეზეა, მაჩვენებლების და დაკავებული პოზიციების დაკარგვა. საერთაშორისო ინსტიტუტები საგანგაშოდ აღნიშნავენ, არამარტო ქვეყნის პოზიციონირების გაუარესებას, არამედ, პროგნოზირებენ ჰიბრიდული რეჟიმების რიგიდან ავტორიტარული რეჟიმისკენ სწრაფვის საშიშროებას.
მაგალითისთვის: ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაუარესდა 22 საფეხურით, ზუსტად სამჯერ, 2014 წელს ვიყავით მე-11 პოზიციაზე და ახლა ვართ 33-ზე.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი - საქართველოს პოზიცია, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში 46 საფეხურითაა გაუმჯობესებული, „ქართული ოცნების“ მმართველობისას 2020-2023 წლებში კი 23 საფეხურით გაუარესდა და ქვეყანა 2023 წელს 35-ე პოზიციას იკავებს, მაშინ როცა 2012 წელს მე-16 ადგილი გვეკავა და სწრაფი ტემპებით მივიწევდით ათეულისკენ.
ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსი - საქართველომ „ნაციონალური მოძრაობის“ გატარებული რეფორმების შედეგად წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა 94-ე ადგილიდან 2012 წელს 29-ე ადგილზე გადაინაცვლა, გაუმჯობესდა 65 ი საფეხურით, „ქართული ოცნების“ მმართველობისას, 2016 წლიდან, ქვეყნის ინდექსმა დაიწყო გაუარესება, კერძოდ მე-16 ადგილიდან ქვეყანა 2022 წელს 25-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, ფაქტობრივად 2022 წლის მაჩვენებელი, „ქართული ოცნების“ სათავეში მოსვლის პერიოდის 2013 წლის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - განაცხადა ვასო ურუშაძემ.