თითქოს ჩვენი პოზიციის დაკნინებას ცდილობთ! - პრეზიდენტის წარმომადგენლები მერაბ ტურავას მხრიდან თანაბარი მოპყრობას ითხოვენ
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე - საკონსტიტუციო სასამართლო დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და მოსამართლე მერაბ ტურავას შორის კამათი იყო.
თამარ ჩუგოშვილმა და მაია კოპალეიშვილმა გააპროტესტეს ფაქტი, რომლის მიხედვითაც, ირაკლი კობახიძის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა მაია კოპალეიშვილს არ ეძლეოდა.
ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენლებს ჰკითხა, არის თუ არა ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველყოფა საგარეო პოლიტიკის განხორციელების აქტი, რაზეც თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ „პოლიტიკის განმახორციელებელი, რა თქმა უნდა, არის აღმასრულებელი ხელისუფლება, მაგრამ ამდენი ხანია ვდავობთ იმაზე, ამ განხორციელებაში რა შედის და ამის გარდა, 78-ე მუხლის მიერ და პრეზიდენტის სტატუსიდან გამომდინარე საგარეო ურთიერთობებში მას რა როლის შესრულება შეუძლია“.
„ქალბატონმა თამარმა კითხვას თუ უპასუხა, არ გვინდა ეს ორმაგი პასუხები“- მიმართა ტურავამ კოპალეიშვილს.
კოპალეიშვილმა მოსამართლეს შეახსენა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ორი წარმომადგენელი ჰყავს და ორივე თანაბრად არის უფლებამოსილი, რომ ერთ კითხვაზე უპასუხოს.
„სადმე გვეჩქარება? ვერ ვხვდები. მე მინდა, რომ კითხვაზე პასუხი განვავრცო. ვერ შემზღუდავთ,“ - განაცხადა კოპალეიშვილმა.
ამის შემდეგ ტურავამ პრეზიდენტის წარმომადგენელს უთხრა, რომ თუკი რაიმე ახლის თქმას აპირებდა, საუბრის საშუალებას მისცემდა.
ამის შემდეგ, მაია კოპალეიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ აღარ აქვს იმის თქმის საფუძველი, რომ სასამართლო მათ მიმართ სამართლიანია.
თამარ ჩუგოშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართა. ჩუგოშვილმა მერაბ ტურავას უთხრა, რომ ის მისი პოზიციის დაკნინების მცდელობითაა დაკავებული.
ისე მომმართავთ, თითქოს რაღაც დამაკნინებელი ფორმით ცდილობთ, რომ ჩემი პოზიცია დააფიქსიროთ და ეს ჩემთვის მიუღებელია. თუ შეიძლება თანაბარი მოპყრობა გამოიჩინეთ, - თქვა ჩუგოშვილმა.