რუსული ფლოტი ოჩამჩირეში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი კოემენტარი

05.10.23 14:31
რუსული ფლოტი ოჩამჩირეში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი კოემენტარი

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ბაზების გაფართოების საკითხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებით ეხმიანება. უწყება რუსეთის ქმედებებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევად და მორიგ პროვოკაციად აფასებს და მოუწოდებს ოკუპანტს, შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია.

შეშფოთებას გამოთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ. 

მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას.
 
საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. 
 
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია, - წერს საგარეო უწყება. 

შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპრებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერი ასლან ბჟანია სოჭში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, სადაც  აფხაზეთში რუსეთის ახალი სამხედრო ბაზების გახსნაზე ისაუბრეს. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაც. 

ბჟანიამ ასევე ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო რესპუბლიკასთან მიერთება არ გამორიცხა. 

 

მსგავსი სიახლეები