ხვალ რა სიურპრიზი დაგხვდება, იქნებ ჩვენც აგვიკრძალოთ შენობაში შემოსვლა? - კორძაია პაპუაშვილს
შალვა პაპუაშვილის ახალ შეზღუდვას პარლამენტში ხმაური მოჰყვა, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ "ქართული ოცნება" ჟურნალისტებს აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციას უკრძალავს, ოპოზიცია გაოგნებას ვერ მალავს.
დეპუტატი თამარ კორძაია დაინტერესდა, ინიციატორის პასუხით, "როგორ შეფასდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ჟურნალისტთა უფლებების შეზღუდვა და საერთოდ რა დაგვხვდება ხვალ კიდევ სიურპრიზის სახით".
"იქნებ ჩვენც აგვიკრძალოთ შენობაში შემოსვლა მალე, იმიტომ, რომ თქვენთვის სასიამოვნო მოსაზრებები არ გამოვხატოთ?" - მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე.
თამარ კორძაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს წარსული საქმიანობა შეახსენა, რა დროსაც დეპუტატის თქმით, შალვა პაპუაშვილი წიგნებს გამოსცემდა გამოხატვის თავისუფლებისა და ზოგადი უფლებების შესახებ.
დეპუტატის შეფასებას პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა: „ქალბატონო თამარ, უპირველეს ყოვლისა, რასაც ვცდილობდი მე მაშინ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებიდან, ეს იყო იურისტების კომპეტენციის ამაღლება, ეს იყო მთავარი მიზანი. თქვენს შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვერ მივაღწიეთ ამ მიზანს“.