რუსული ბაზის მშენებლობა პირდაპირი მცდელობაა, მოხდეს საომარი მოქმედებების გადმოტანა ოკუპირებულ აფხაზეთში - ჯაფარიძე

05.10.23 15:54
რუსული ბაზის მშენებლობა პირდაპირი მცდელობაა, მოხდეს საომარი მოქმედებების გადმოტანა ოკუპირებულ აფხაზეთში - ჯაფარიძე

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზების განთავსებას "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ომის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის მცდელობად აფასებს - ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

ოპოზიციონერი ლიდერი დუმილის გამო ხელისუფლებასაც აკრიტიკებს. მისი თქმით, იმ დროს, როდესაც "ოცნება" თავს სტრატეგიულ პარტნიორებს უმიზეზოდ ესხმის, რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებზე დუმს. 

ამასთან, ოპოზიციონერი განმარტავს, რომ ბაზის განთავსების შემთხვევაში, რუსული გემები აღმოჩნდებიან უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეები.

ჯაფარიძემ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდა ომში ჩათრევის მცდელობა გააპროტესტონ. 

ეს რუსეთის ფედერაციის მიერ არის საქართველოში საომარი მოქმედებების გადმოტანის მცდელობა, ფრონტის ხაზის გადმოტანის მცდელობა აფხაზეთში და შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბაზა იქნება გამოყენებული რუსეთის საღვაო ძალების შესაფარებლად, რომლებიც დღეს დარტყმის ქვეშ იმყოფებიან სევასტოპოლში და ნოვოროსიისკის პორტებში. ეს გემები ატარებენ ფრთოსან რაკეტებს, რომლებსაც ყოველდღიურად უშენენ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. შესაბამისად, ეს გემები წარმოადგენენ უკრაინის სამხედრო ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებს და აქედან გამომდინარე, ამ ბაზის მშენებლობა არის პირდაპირი მცდელობა მოხდეს საომარი მოქმედებების გადმოტანა აფხაზეთში და ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში მოვუწოდებთ, რომ წინ აღუდგნენ ამ მცდელობას, რამდენადაც ეს დიდ საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას, დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას მთლიანობაში და კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ ვინმე უქმნის საფრთხეს მშვიდობას ამ რეგიონში, ეს არის რუსეთის ფედერაცია, მისი ხელმძღვანელობა და მისი აგრესიული გეგმები და ცხადია, ამ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არის ასეთი პირდაპირი მცდელობა საომარი მოქმედებების ჩვენს ტერიტორიაზე გადმოტანასთან დაკავშირებით ერთი განცხადებაც არ გაგვიგია „ქართული ოცნების“ და მისი  სპიკერების მხრიდან, რომლებიც მუდმივად ესხმიან თავს ჩვენს უახლოეს მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, ადანაშაულებენ  USAID-ს, თითქოს რაღაც გადატრიალების მცდელობაშიდ ა ამ დროს, იგეგმება ასეთი უმნიშვნელოვანესი, ჩვენთვის საფრთხის შემცველი ნაბიჯი და ჩვენ ვერ ვხედავთ ვერცერთ ნაბიჯს, ვერცერთ განცხადებას „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც შეაჩერებს რუსეთის ფედერაციის ამ მზაკვრული გეგმის გახორციელებას და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღეს ჩვენს რეგიონში ერთადერთი საფრთხე მშვიდობისთვის არის რუსეთის ფედერაცია. ეს საფრთხე მომდინარეობს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან და რუსეთის დღევანდელი, უახლესი პარტნიორი, ს მწუხაროდ, არის „ქართული ოცნება“, - განაცხადა  ბადრი ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები