რუსული პროვოკაცია ოჩამჩირეში - პრემიერმა ევროპის პოლიტიკური ფორუმზე ოკუპანტი ქვეყნის განზრახვაზე არ ისაუბრა
არც ერთი სიტყვა რუსულ ფლოტზე - ირაკლი ღარიბაშვილმა შანსი ხელიდან გაუშვა. რუსული პროვოკაციების ფონზე საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მობილიზებისთვის პრემიერის კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა ღარიბაშვილმა რუსეთის მორიგ განზრახვაზე ღიად არ ისაუბრა.
ღარიბაშვილი დღეს გრანადაში იმყოფება, ესპანეთში, სადაც პრემიერი ევროპის პოლიტიკური ფორუმს ესწრება. მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში ღარიბაშვილმა ბევრი ილაპარაკა
ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემაზე, თუმცა, პრემიერს არ უხსენებია ოკუპირებულ ოჩამჩირის პორტში რუსული სამხედრო გემების განთავსების ამბავი, არადა გრანადაში ახლა ევროკავშირის ლიდერები და პარტნიორი ქვეყნების მეთაურები იმყოფებიან.
ჩვენ მართლაც სპეციფიკურ მდგომარეობაში ვიმყოფები, ეს ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ამ მხრივ ჩვენ განვსხვავდებით სხვა ქვეყნების მდგომარეობისგან. არ გვაქვს არც ნატო-ს ქოლგა, არანაირი უსაფრთხოების გარანტიები არ გააჩნია ქვეყანას, არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას უწევს გონივრულად მანევრირება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც სავსეა ამ ტურბოლენტობით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხეთ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში, გონივრულად მანევრირება. ერთი მხრივ, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებას, მეორე მხრივ, ვართ კოორდინაციაში ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს და ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯის მიღება, რაც არის კანდიდატის სტატუსის მიღება," - განაცხადა პრემიერმა.