რატომ დაიწყო "ოცნებამ" იმპიჩმენტის საქმე - პრემიერი აღიარებს, რომ პარტნიორებმა განმარტებები მოსთხოვეს

05.10.23 20:37
რატომ დაიწყო "ოცნებამ" იმპიჩმენტის საქმე - პრემიერი აღიარებს, რომ პარტნიორებმა განმარტებები მოსთხოვეს

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე - პრემიერს დასავლელი პარტნიორებისთვის ახსნა-განმარტება მოუწია. ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს, რომ პარტნიორებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მას განმარტებები მოსთხოვეს და გააკრიტიკეს.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობას იმპიჩმენტის პროცესის დაწყება აიძულა. სწორედ ასე აუხსნა პრემიერმა პარტნიორებს სახელისუფლებო გუნდის ნაბიჯი. 

როცა პრეზიდენტი განგებ, მიზანმიმართულად არღვევს კონსტიტუციას, მან ეს რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ხელისუფლებას მოუწევდა რეაგირება. ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ სამართლებრივი შეფასება მიგვეცა მისი ამ ქმედებისთვის, მისი ამ პირდაპირი დემონსტრაციული ქმედებისთვის. მე ეს ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს. რა თქმა უნდა, მათ ეს ესმით, ეს სუფთა სამართლებრივი საკითხი ესმით, მაგრამ ასევე გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ლამაზი. რა თქმა უნდა, ეს ოპტიკას და აღქმებს აფუჭებს. მე ამიტომ ვთქვი, რომ იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს მხარი დაეჭირა მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის, ღიად, დეკლარირებულად გამოეცხადა მხარდაჭერა იმ პროცესისთვის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ შარშან, პარლამენტმა რომ დაიწყო პარლამენტში, უნდა ეთქვა, რომ თუ რაიმეში დაგვჭირდებოდა მისი დახმარება, იგი მზად იქნებოდა. ეს უნდა ყოფილიყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის პოზიცია. ჩვენ ნაცვლად ამისა ვნახეთ ოპოზიციის დონეზე დასული პრეზიდენტი. თან რომელი ოპოზიციის - რადიკალური დესტრუქციული ოპოზიციის დონეზე, იმიტომ, რომ მანაც გაიმეორა ზუსტად ანალოგიური მესიჯები, ის ნარატივი, რომელიც ოპოზიციას ჩამოყალიბებული აქვს, რომ თურმე ჩვენ არ ვასრულებთ რეკომენდაციებს, თურმე ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის გაუგებარი და თურმე ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსს. აი, ამაზეა საუბარი. მე ეს გულწრფელად ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს. ყველას ესმის ეს აბსოლუტურად სამართლებრივი მდგომარეობა და ვუთხარი, რომ ეს არის ფორმალური, იურიდიული, თუმცა მნიშვნელოვანი პროცესი, რომ გამოჩნდეს კანონის უზენაესობა, კონსტიტუციის უზენაესობა, რომ ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა - არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტი და არც არავინ. ეს არის ჩემი პასუხი," - ამბობს ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები