როცა ვიღაცასთან შევდივართ ვაჭრობაში, უნდა ვენდოთ, ეს არგუმენტი "ოცნებასთან" არ არსებობს - ღვინჯილია იმპიჩმენტით ვაჭრობაზე
„ყველა შტოს, ყველა სივრცეს სახელმწიფოში აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი, როგორც სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტს, სასამართლოს“, - ეს განცხადება ენმ-ის სამდივნოს წევრმა, ლანა ღვინჯილიამ „რეაქციაში“ გააკეთა.
ივაჭრებს თუ არა იმპიჩმენტის საკითხით "ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტთან - როგორც ღვინჯილია ამბობს, ოპოზიციურ პარტიას არ აქვს ნდობა "ოცნების" მიმართ.
იმპიჩმენტის მთელი ისტორიის მიმართ ნაკლები ინტერესი მაქვს. ვთვლი, რომ საბოლოო ჯამში, იქნება იმპიჩმენტი თუ არა, სახელმწიფოსთვის იქნება ცუდი.
ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ გარკვეული სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ადამიანურ დონეზე შეიძლება ვინმეს გული შესტკიოდეს, მხარი დაუჭიროს, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტების თვალსაზრისით აქ საინტერესოა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტი და არა სალომე ზურაბიშვილი.
ეს განცხადებები განპირობებულია მისი პირადი ინტერესებიდან, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტობის შემდგომი ცხოვრება ევროპასთანაა დაკავშირებული. შეიძლება სპეკულაციებშიც შევიდეთ, ეს იყოს იგივე ბიძინა ივანიშვილის თამაში დასავლეთთან, რომ აი, ცუდი და კარგი პოლიციელის, აი, მთავრობაში გვყავს პროდასავლური ხმა, პროდასავლური მესიჯები გამოდის საქართველოდან. დაკვირვებული ხართ, ხომ ოფიციალურ ვიზიტებზე როცა მიდიოდა, იქ აკეთებდა პროდასავლურ განცხადებებს, ჩამოსვლის შემდეგ ის აგრძელებდა იმის კეთებას, რასაც აკეთებს.არის რამდენიმე კრიტიკული მომენტი ე.წ. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის, როცა შეუძლია დაამტკიცოს საკუთარი დამოუკიდებლობა, პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობა და პროდასავლურობა და ის ამას არ აკეთებს და არ აკეთებს პრინციპულად, თუნდაც სააკაშვილის შეწყალებას.
მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის გაცხადებული პოზიცია არის, რომ არ დაუჭერენ მხარს იმპიჩმენტს, მიმაჩნია, რომ ეს არის ხელისუფლების შიდა თამაში. მეორე მხრივ, ლოგიკურია, რომ ენმ არ დაუჭერს ამას მხარს. თქვენ ახსენეთ შანტაჟის მომენტი, რა თქმა უნდა, ემოციურ დონეზე ეს არის ძლიერი არგუმენტი, იმიტომ, რომ ჰუმანიტარული და პოლიტიკური თვალსაზრისით ეს იქნებოდა ძალიან ძლიერი არგუმენტი, თუმცა, როდესაც ვიღაცასთან შევდივართ ვაჭრობაში, უნდა ვენდოთ, ეს არგუმენტი და არც ბერკეტი "ოცნებასთან" ურთიერთობაში არ არსებობს,“ - ამბობს ღვინჯილია.