სისხლიანი გარჩევა ეკლესიის ეზოში - ყოფილ პოლიციელს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სისხლიანი გარჩევა ეკლესიის ეზოში - სოფელ ჭიკაანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მკვლელობაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი პატიმრობაში დატოვა.
თემურ ოთინაშვილის ინტერესების დამცველი კი ბრალდებულისათვის 20 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. სასამართლო პროცესზე თავად ბრალდებულმა, დუმილის უფლება გამოიყენა.
პროკურორის განმარტებით, ბრალდებულის პირადი კავშირები მოწმეებთან, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობა, საექსპერტო ნიმუშების მოპოვების შესაძლებლობა, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ტიპის იარაღი, პატიმრობის საფუძველს წარმოადგენდა. წინასასამართლო სხდომა 28 ნოემბერს ჩატარდება.
მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტში 3 ოქტომბერს მოხდა. ოთინაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თანასოფლელი, 47 წლის გელა გუჩმაზაშვილი, მოკლა, დაიჭრა ერთი პირი, რომელიც დაპირისპირებული თანაკლასელების გაშველებას ცდილობდა. მკვლელობაში ბრალდებული სპეცრაზმელი თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს.