"კარვების კანონის" მოწინააღმდეგე ახალგაზრდებმა პრეზიდენტს განცხადება დაუტოვეს - რა წერია წერილში?
"დაადეთ ვეტო რუსულ კანონს" ამ მოწოდებით სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. ე.წ. "კარვების კანონის" მოწინააღმდეგე ახალგაზრდებმა ორბელიანების სასახლეში განცხადება დატოვეს.
წერილში მოქალაქეები დეტალურად ხსნიან, რატომ უნდა მიიღოს ზომები სალომე ზურაბიშვილმა. კანონი რეპრესიულია, თავისუფალი სიტყვა კვდება, ყველაფერი ისე ხდება როგორც რუსეთში - ამბობენ აქტივისტები.
სამოქალაქო მოძრაობების ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს
ქალბატონო სალომე,საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული პროცედურის გავლით, საზოგადოებრივი ჯგუფების პროტესტის ფონზე, პროფესიული აზრის წინააღმდეგობის მიუხედავად, მესამე მოსმენით უკვე მიიღო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდავი კანონი.
შემოთავაზებული ნორმა უხეშად ერევა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაში და საკონსტიტუციო დანაწესის იგნორირებით ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას; კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ძალოვან სტრუქტურებს მიეცემათ საშუალება დაუსაბუთებლად, ნებისმიერ დროს შეზღუდონ გამოხატვის თავისუფლება, ამასთან, ჩვენი კონსტიტუციური უფლებების პრაქტიკის გამო, დაგვაკისრონ მძიმე პასუხისმგებლობა, რიგ შემთხვევებში, თავისუფლების შეზღუდვის ფორმითაც.
ხელისუფლების მორიგი მცდელობა, ლეგიტიმაცია შესძინოს რუსეთსა და სხვა ტოტალიტარულ ქვეყნებში მოქმედი რეჟიმებისთვის დამახასიათებელ, ანტიდემოკრატიულ შეზღუდვებს, კიდევ უფრო მწვავე საფრთხის ქვეშ დააყენებს საქართველოს ევროპასთან ასოცირების პერსპექტივას, განსაკუთრებით დღეს, გადამწყვეტ, გზაგასაყარ მომენტში, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.
მოგმართავთ თხოვნით, კვლავ დადგეთ კონსტიტუციური წესრიგისა და თქვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის სადარაჯოზე და დემოკრატიული სისტემიდან გასულ ამ კანონპროექტს დაადოთ ვეტო.
წერილის ხელმომწერი სამოქალაქო აქტივისტები, გავაგრძელებთ მცდელობებს კანონპროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების გააქტიურების, მათი მობილიზების მიმართულებით, - ნათქვამია ღია წერილში.
ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, მათი მიზანია, რომ ყველამ კარგად დაინახოს, რომ ისინი იბრძვიან გამოხატვის თავისუფლებისთვის, რომელსაც ისინი მყარად იცავენ, კანონის ფარგლებში.
ეს წერილი ჩვენგან თხოვნის საფუძველიც იქნება, რომ პრეზიდენტს ვთხოვოთ თავისი უფლება გამოიყენოს, ვეტო დაადოს ამ კანონს, რათა სხვებმაც კარგად დაინახონ, რომ ჩვენ ვიბრძვით ამ ყველაფრისთვის და გვინდა, რომ ჩვენი გამოხატვის თავისუფლება ყოველი მხრიდან მყარად დავიცვათ და კანონიერ ფარგლებში მოვიქცეთ. ჩვენ, როგორც ახალგაზრდებს გვინდა, რომ გამოვიდეთ და პროტესტი გამოვხატოთ თავისუფლად კანონიერ ფარგლებში", - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.