ევროპის მხარდამჭერი გზავნილი დირექტორს თანამდებობის დაკარგვად უჯდება - ოზურგეთის სკოლაში პროტესტისთვის ემზადებიან
ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში პროტესტისთვის ემზადებიან. მოსწავლეები და მათ მშობლები სკოლის დირექტორის მხარდასაჭერად ერთიანდებიან. ადგილობრივების ინფორმაციით, ტარიელ კალანდაძე სადამსჯელო ოპერაციის მსხვერპლი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სერტიფიცირებულ პედაგოგს თანამდებობიდან პოლიტიკური პოსტის გამო უშვებენ. მიზეზი რუსული კანონის გაპროტესტება და ევროპის მხარდამჭერი გზავნილებია. კალანდაძის ნაცვლად კი დირექტორის პოსტს აბარებენ ადამიანს, რომელიც ადგილობრივების ინფორმაციით ქართული ოცნების მხარდამჭერია.
"პირველების" ინფორმაციით, აქციას, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება სხვა სკოლის მასწავლებლები და მშობლებიც შეუერთდებიან.
დავწერე, რომ საქართველოს ვერავინ შეაჩერებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, დიადი მიზნისკენ მიმავალ გზაზე და არა მგონია ვინმე მოიძებნოს, ვისაც ეს აზრი არ აწუხებდეს. ჩემს მოსაზრებას რაღაცა საკითხთან დაკავშირებით გამოვხატავ მე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე რაღაცა პოლიტიკური, ვიღაცის მხარდამჭერი ან წინააღმდეგი ვარ. არის ჩვენი სკოლის მასწავლებელი, სურვილი აქვს დირექტორების და ეს ცუდი არ არის, როცა მას სურვილი აქვს დირექტორობის. კი ბატონო, არის მხარდამჭერი, მაგრამ ვერ გეტყვით თუ ამას საფუძვლად უდევს ეს პოლიტიკური მრწამსი", - განაცხადა სკოლის დირექტორმა, ტარიელ კალანდაძემ.
პედაგოგები აღშფოთებულები არიან აღნიშნული გადაწყვეტილებით და ამბობენ, რომ შედეგი მტკივნეული იქნება.
ელდა მეცა, არამარტო მე, არამედ მთელ საზოგადოებას, მოსწავლეს, მშობელს, ვინც კი იცნობს ტარიელ კალანდაძეს მის მთელ ენერგიას, სულს, ყველაფერს ის სკოლაში ღვრიდა. ჩემთვის ეს იმდენად მძიმე იყო, რომ წუხელ თუ გადავიტანდი ამ ღამეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო იმიტომ, რომ ჩემთვის ეს სკოლა ყველაფერია, მთელი ჩემი ცხოვრება ამ სკოლაში ჩავდე. ძალიან მტკივნეული იქნება, რომ სკოლამ სახე იცვალოს", - ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საჯარო განცხადება გაავრცელა სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა, განათლების მინისტრსაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
წერილში წერია, რომ დემოკრატიის პირობებში, არჩევანის წართმევის უფლება, ორი კანდიდატიდან ერთი დასახელებისა, სამარცხვინოა.