ტრენინგზე ძალადობრივი მოწოდებები არ ყოფილა - USAID-ის წარმომადგენელი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება
ე.წ. გადატრიალების საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის მონაწილეობით USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მენეჯერი ანა წურწუმია-ზურაბაშვილი იკითხება. დაკითხვის დაწყებამდე როგორც ანა წურწუმია-ზურაბაშვილმა განაცხადა, ტრენინგი „კანვასის“ სერბმა ტრენერებმა ოთხჯერ ჩაატარეს, რომლებსაც თვითონაც ესწრებოდა.
ანა წურწუმია-ზურაბაშვილის განცხადებით, ტრენინგის თემა იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა და მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში. მისივე თქმით, ძალადობრივი მოწოდებები ტრენინგზე არ ყოფილა, პირიქით, სწავლება ეხებოდა არაძალადობრივი მეთოდებით პროტესტის გამოხატვას.
რაც შეეხება სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, მან აღნიშნა, რომ ამაზე არაფერი იცის და არაფრის თქმა შეუძლია.
დამიბარეს გამოკითხვაზე ტრენინგებთან დაკავშირებით. მოვედი რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცე. USAID-მა, ამერიკის საელჩომ და “აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა” გაავრცელეს განცხადებები, სადაც მოცემულია ორგანიზაციული პოზიციები. დანარჩენს რაც შეეხება, ჩვენი, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის საქმიანობა ისედაც საჯარო და გამჭვირვალეა. მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერ კითხვას“,- განაცხადა ანა წურწუმია-ზურაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სუს-მა სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე განცხადება გაავრცელა. ლილუაშვილის უწყება ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს და ირწმუნება, რომ ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები თბილისში ხელისუფლების დამხობის მასტერკლასებს ატარებდნენ.