პარლამენტში წარმოდგენილი ბიუჯეტი "ფლანგვის ბიუჯეტია" - რომან გოცირიძე

06.10.23 16:05
პარლამენტში წარმოდგენილი ბიუჯეტი "ფლანგვის ბიუჯეტია" - რომან გოცირიძე

პარლამენტში წარმოდგენილი ბიუჯეტი "ფლანგვის ბიუჯეტია", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის სხომაზე განაცხადა, სადაც 2023 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

დეპუტატის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უწყებების და შტატგარეშე თანამშრომლების რიცხვი დღითიდღე იზრდება, სხვა და სხვა პოზიციებზე "ოცნების" პარტაქტივი და სანათესაო საქმდება, სკოლებში ბავშვების შიმშილი გასაკვირი არ არის. 

„იფლანგება ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე, მაშინ როდესაც ასეულობით ათასი ადამიანი იმყოფება შიმშილის ზღვარზე. ყველაზე ბიუროკრატიზებული ქვეყანა ხდება საქართველო რეგიონში. გადახედეთ ბიუჯეტს, რომელიც არის სარკე, ბიუჯეტზე დიდი სარკე საზოგადოების ეკონომიკური და ფინანსური ცხოვრებისა, არ არსებობს. არ გავა თვე, რომ არ გაიზარდოს რომელიღაც უწყებაში შტატები - ნათესავები, მეგობრები, პარტიული აქტივი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გადაქცეულია მათ პირად საკუთრებად. აბა, ნახეთ რა ხდება ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, ჩინოვნიკების ოჯახების თავშესაფარი რომ არის. წელიწადი თუ თვე არ გავა, რომ ახალი უწყება არ შექმნათ, იქმნება ახალ-ახალი უწყებები, ემატება სხვადასხვა შტატგარეშე თანამდებობები, საშინელებაა ეს! ასეულობით მილიონი ლარი იხარჯება და მერე საუბრობთ, რატომ შიათ ბავშვებს სკოლაში და რატომ არ გადაწყვეტილი თუნდაც დაბალ კლასებში ბავშვების კვების საკითხი. საქართველოში 2012 წლიდან, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, შეიცვალა 85 მინისტრი. წაიღო ფული ნაწილმა, ყველაზე არ ვამბობ, მოიპარეს, ან მათი ცუდი ქმედებებით გაძარცვეს ქვეყანა. 7 ინფრასტრუქტურის მინისტრი შეიცვალა ქვეყანაში და მარტო სამტრედია-გრიგოლეთში 100 მილიონი დაიკარგა და რა მდგომარეობაა რიკოთსა და გზებზე ვხედავთ. ამ 7 მინისტრიდან რომელიმეს გვარი გახსოვთ ? სად არიან ეს მინისტრები? 8 ეკონომიკის მინისტრი შეიცვალა, დავამატოთ ეკონომიკის სამინისტროში შემავალი 2 ენერგეტიკის მინისტრი, 10 მინისტრი შეიცვალა 10 წელიწადში. რომელიმეს გვარი ან მათ მიერ გაფუჭებული საქმეები გახსოვთ? ახლა ბიუჯეტი შემოდის და იუსტიციის სამინისტრო სთხოვს, რომ მოდით, 20 მილიონი ლარი დაგვიმატეთ ადვოკატების მომსახურების თანხებიო. რამდენი დაიხარჯა საადვოკატო მომსახურებაში? 2016 წლიდან დღემდე ადვოკატებს გადაუხადეთ 243 მილიონი ლარი. ამ 243 მილიონში რა ღირებულების პროდუქცია შექმნეს, ფული წაიღეს საერთაშორისო არბიტრაჟში ვმარცხდებით!“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები