რას დაჰპირდა რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს - ბჟანია მთავარ თემებზე საუბრობს

06.10.23 16:43
რას დაჰპირდა რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს - ბჟანია მთავარ თემებზე საუბრობს

რას დაჰპირდა რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს - ასლან ბჟანიამ ვლადიმირ პუტინთან 4 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

ბჟანიას თქმით, შეხვედრა „მეგობრულ და სანდრო ატმოსფეროში“ წარიმართა. როგორც ე.წ. პრეზიდენტი ამბობს, პუტინი, როგორც ყოველთვის, "აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებს დიდი ყურადღებით მოეკიდა" და "შეხვედრაზე წამოჭრილ პრაქტიკულად ყველა საკითხზე დახმარება აღუთქვა". მათ შორის, რუსეთი გააგრძელებს ოკუპირებული აფხაზეთისთვის დახმარებას ენერგეტიკის სფეროში.

ასევე განვიხილეთ რესპუბლიკის გაზიფიცირებისა და შემდგომში ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად გაზზე მომუშავე სადგურის მშენებლობის საკითხები. ამ იდეას მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტმაც. ჩვენ ვითხოვეთ მხარდაჭერა გუმისთაზე არსებული ხიდის კაპიტალურ რემონტსა და ახალი ხიდის მშენებლობაში. ასევე გაჟღერდა კოდორის ხეობაში სოხუმის სამხედრო გზის კაპიტალური რემონტის აუცილებლობა და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან გაგება ვიხილეთ“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რიგი სხვა საკითხებიც განიხილეს. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსული ინვესტიციების თემასაც.

ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი, რომ რუსეთის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. განსაკუთრებით აღინიშნა მრავალ საკითხზე [პოზიციის] სიახლოვე. ვისაუბრეთ იმ ინტეგრაციის პროცესებზე, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია იწყებს და ამ პროცესებში აფხაზეთის მონაწილეობაზე, სამომავლოდ სამოკავშირეო სახელმწიფოში აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე. ეს ყველაფერი დადებითად იქნა მიღებული, ამაზე დღედაღამ უნდა ვიმუშაოთ“, - აღნიშნა ბჟანიამ.

ასლან ბჟანია 3 ოქტომბერს შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, ხოლო 4 ოქტომბერს - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

მსგავსი სიახლეები