თურნავა კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს
ნათია თურნავა კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
საბანკო სექტორში არსებულ ვითარებაზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და სამომავლო გეგმებზე სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბანკირებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ აღნიშნა, მათი მიზანი ეკონომიკაში უფრო მეტი რესურსის ჩადება და მეტი საკრედიტო აქტივობაა.
„დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს კომერციულ ბანკებთან. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს სხვადასხვა რეგულაციის დახვეწასა და შერბილებაზე. ჩვენი მიზანია, რომ ეკონომიკაში უფრო მეტი რესურსი ჩაიდოს და უფრო მეტი საკრედიტო აქტივობა იყოს. რაც მთავარია, ეს აქტივობა უნდა იყოს უფრო მეტად ეფექტური. აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, ბანკების მომხმარებლებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მათი დასაქმებისთვის. ყველაფერი უნდა მოხდეს ფასების სტაბილურობის გათვალისწინებით", - განაცხადა ნათია თურნავა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები კომერციული ბანკებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება.