პრეზიდენტს გვერდს რომ უვლიან, აჩვენებს რეჟიმის მხრიდან ტრადიციადქცეულ დამოკიდებულებას ინსტიტუტების მიმართ - ბოკერია
„ეს დეტალი, რომ პრეზიდენტს გვერდს აუვლიან, დამოკიდებულებას აჩვენებს უკვე ტრადიციად ქცეულს ივანიშვილის რეჟიმის ინსტიტუტების მიმართ,“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „დღის ამბებში“ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გადაუგზავნონ კარვების აკრძალვის შესახებ კანონი.
როგორც ბოკერია ამბობს, ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებითაც აჩვენებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს ოლიგარქიული რეჟიმი პატივს არ სცემს.
აღსანიშნავია ის დამოკიდებულება, რომ აქაც კი მნიშვნელობას ანიჭებენ თავის პროპაგანდაში, რომ ასე იქცევიან.
მთელი ეს პერიოდი იქნებიან ამ მოდუსში, რომ ყველგან არიან მტრები, ოღონდ ესენი არიან ძლიერები და არც გაუგზავნიან და ა.შ. და ამიტომ მე არ მგონია, რომ ძალიან თავი უნდა დავიტვირთოთ მაგ ასპექტის ღრმა ანალიზით.
ამ კანონის მიღებაც, სამართლებრივ დისკუსიაშიც რომ არ შევიდეთ, ეს კანონი ემსახურება იმას, რომ რასაც თვითონ იძახიან, რომ მასობრივი დემონსტრაციების პრობლემა გვექნება და ვიადვილებთ, ჩვენ ინსტრუმენტებს ვიქმნით, რომ უფრო ადვილად გავუმკლავდეთ ამას, ვციტირებ თვითონ ივანიშვილის რეჟიმის განცხადებებს. ეს განცხადებაა მამხილებელი.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საზოგადოების მხრიდან ის შეცდომა არ იქნას დაშვებული, რომ ამ მავნებლობას არ მივანიჭოთ ისეთი მნიშვნელობა, რომ ძალის დემონსტრირება გამოუვიდეთ.
აქ მოვისმინე, რომ ეს ტოლფასია იმ რუსული კანონისა, ასე საკითხის დასმა არასწორია, იმიტომ, რომ გამოვა, რომ იმავეს აკეთებენ და გასდით. ეს ასე არ არის, ცუდი კანონია ძალიან, მოტივები კიდევ უფრო ცუდია, ეს რეჟიმი ახლო მომავალში არის უზარმაზარი საფრთხე ჩვენი მომავლისთვის,“ - ამბობს ბოკერია.
მმართველმა ძალამ გადაწყვეტილება დღის ბოლოს შეცვალა - "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, პარლამენტი პრეზიდენტს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს ხელმოსაწერად არ გადაუგზავნის. კანონს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს და ძალაში შევა დაუყოვნებლივ.