არაადამიანური აგრესია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიუღებელია - პაპუაშვილი
ქართველი ხალხი მხარს უჭერს მოძმე ისრაელს - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, არაადამიანური აგრესია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიუღებელია.
„გაუმართლებელი, სასტიკი და არაადამიანური აგრესია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიუღებელია. ქართველი ხალხი მხარს უჭერს მოძმე ისრაელს. ასეთი ძალადობის ადგილი მსოფლიოში არ უნდა იყოს“, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში.
"ჰამასმა" ომი დაიწყო. საპასუხოდ ისრაელის არმიამ კონტრტერორისტული ოპერაცია რკინის ხმლები წამოიწყო. ღაზის სექტორიდან მხოლოდ ოც წუთში ისრაელისკენ 5000 რაკეტა გადაისროლეს. საავადმყოფოები დაჭრილებით არის გადავსებული. არის მსხვერპლიც.
ტერორისტების სამიზნე სამხედრო ობიექტების გარდა, დასახლებული პუნქტებიც გახდა. სახლები დანგრეულია, აეროპორტები ჩაკეტეს. ხალხი უსაფრთხო ადგილებს ეძებს. ყველაზე მძიმე ვითარებაა სამხრეთშია. ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ რომ საჰაერო დარტყმებს ღაზაში "ჰამასის" ობიექტებზე ამ წუთებშიც ახორციელებენ.