ხელოვნური ტბა ბიძინა ივანიშვილისთვის?! - იხარჯება თუ არა ხალხის 14 მილიონი ოლიგარქის კომფორტისთვის

07.10.23 20:40
ხელოვნური ტბა ბიძინა ივანიშვილისთვის?!  - იხარჯება თუ არა ხალხის 14 მილიონი ოლიგარქის კომფორტისთვის

"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით და ხალხის კუთვნილი 14 მილიონით, აბასთუმნის მიუვალ ადგილებში ხელოვნურ ტბას და სასეირნო ბილიკებს აშენებენ. 

დაჩქარებული წესით შენდება ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედანი? 

აგუბებს თუ არა ტბას მთაში ხელისუფლება, რომ ბიძინა ივანიშვილს სასახლესთან ახლოს, სუფთა ჰაერზე, სასეირნო ზონა გაუკეთოს?! 

თემის გასარკვევად, "შაბათის ეთერი" სოფელ წახანში ჩავიდა, სადაც ტრაქტორს დაჩქარებული წესით მესხეთის ქედისკენ მიმავალი გზა გაჰყავს. მუშებს ეჩქარებათ. სამუშაოები იქამდე უნდა მოასწრონ ვიდრე ჯავახეთის სუსხი მუშაობს შეუძლებელს გახდის. აქ დასაქმებულებმა იციან, რომ პროექტის დროულად დასრულებას ქვეყნის ბატონი ელოდება. ამიტომ ყოველი სამუშაო დღე კონკრეტული შედეგით უნდა დაასრულონ. 

ეს გზა ახალ ტბამდე მიდის. საბჭოთა დროს გაუქმებული საგუბარი სოფელ წახანის თავზე ხელახლა უნდა გათხარონ. 

ირაკლის ღარიბაშვილის 2022 წლის 27 სექტემბრის ბრძანებაში ვკითხულობთ რომ აბასთუმნის თავზე წყალსაცავის მოწყობა სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაწყდა. ოფიციალური ვერსიით, 14 მილიონი ხელოვნური ტბის მოსაწყობად იმიტომ იხარჯება რომ-თუ აბასთუმანში ხანძარი გაჩნდება, ვერტმფრენებს წყლის აღების საშუალება ჰქონდეთ. დოკუმენტებში წერია, რომ ამავე წყალსაცავიდან ადგილობრივებს წყალს ბაღების მოსარწყავად მიაწვდიან. 

პროექტის დეტალები ადგილობრივებს უჩენს ეჭვს რომ მთაში მიუვალ ადგილას ხელოვნურ ტბას ხალხის ფულით ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილს უშენებს. პროექტში წერია, რომ ხელოვნური ტბის გარშემო სასეირნო ბილიკები უნდა მოეწყოს რომელიც უნდა განათდეს და ამისთვის ზღვის დონიდან 1270 მეტრის სიმაღლეზე მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზებიც უნდა გაჭიმონ. მოსახლეობას აინტერესებს, მიუვალ ადგილას, სადაც მოსეირნე ტურისტი თვალით არ უნახავთ, რისთვისაა საჭირო ამდენი ფულის,  ასეთი პროექტისთვის დახარჯვა.  

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ხელოვნური ტბა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის აბასთუმნის რეზიდენციის თავზე შენდება დაახლოებით 8000  კვადრატული მეტრის ფართობის იქნება. მას გარს შემოარტყამს 1 კილომეტრიანი სასეირნო ბილიკი. იქვე იქნება 40 მეტრის დიამეტრის ვერტმფრენის ასაფრენ დასაფრენი მოედანი. ჩნდება კითხვა თუ ხელოვნურ წყალსაცავს ხანძრის შემთხვევაში ვერტმფრენის კალათაში წყლის შესავსებად აშენებენ მაშინ რა საჭიროა ასაფრენ დასაფრენი მოედანი? 

სახანძრო ვერტმფრენები წყალს პირდაპირ დაფრენის გარეშე ავსებენ და ხანძრის ეპიცენტრისკენ მიემართებიან. 
ეს საეჭვო გარემოება აჩენს ეჭვს, რომ ამ ყველაფერს ხალხის ფულთ ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს უკეთებს. ქართველი ოლიგარქი აბასთუმანში მდებარე მისი სასახლიდან სასეირნოდ ხელოვნურ ტბაზე სულ რამდენიმე წუთში ვერტმფრენით გადაფრინდება. 

სოფელ წახანში ხალხს არ აქვს გაზი, არ მოდის სასმელი წყალი, ადამიანებს ყოველი ზამთარი ძლივს გადააქვთ. მოსახლეობას აინტერესებს, რა დროს ხელოვნური ტბა და მის გარშემო სასეირნო ბილიკების მოწყობაა, როდესაც გადაუჭრელი პრობლემები მათ მშობლიური კუთხის მიტოვებას და სხვაგან გადასახლებას აიძულებს?

მსგავსი სიახლეები