ერთი წელი ვაკის პარკის ტრაგედიიდან - ვინ დგას კომპანიის უკან, შადრევნის საქმეზე 6-დან 5 ექსპერტიზა დადო

07.10.23 22:25
ერთი წელი ვაკის პარკის ტრაგედიიდან - ვინ დგას კომპანიის უკან, შადრევნის საქმეზე 6-დან 5 ექსპერტიზა დადო

ერთი წელი ვაკის პარკის ტრაგედიიდან - ვინ დგას კომპანიის უკან, შადრევნის საქმეზე 6-დან 5ექსპერტიზა დადო. მფარველობდა თუ არა "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი და პრემიერ ღარიბაშვილის მოქმედი მრჩეველი, ირაკლი სესიაშვილი კომპანიას, რომელიც მკვდარი ექსპერტებით მანიპულაციის, "ვარკეთილის მეტროს" ჩამონგრევის და ვაკის პარკის შადრევნის საქმეში ფიგურირებდა?!

ირკვევა, რომ სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანი გახსნამდე ხუთჯერ შეამოწმა, ახლა აღარ არსებობს, კომპანიის მფლობელები პასუხისმგებლობას გადაურჩნენ, ოფიციალური ვერსიით იმის გამო, რომ სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო, არა ელექტროსადენებსა და ელექტრომოწყობილობებს, არამედ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების მოცულობას ამოწმებდა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ირაკლი სესიაშვილის  გვარი ამ ისტორიაში შემთხვევით არ მოხვდა, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ "ქართული ოცნების" სტაჟიანი დეპუტატი და ახლა უკვე ღარიბაშვილის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ამ კომპანიას წლების განმავლობაში მფარველობდა.

2018 წლის 30 იანვარი - მეტროსადგურ "ვარკეთილის" ჭერი ჩამოინგრა და 14 რიგითი ადამიანი დაშავდა. ამ მეტროსადგურის რეაბილიტაცია, ჩამონგრევამდე 3 თვით ადრე დასრულდა და 350 ათასი ლარი დაჯდა. კომპანია ,,ყვარელმშენი’’, რომელმაც სამუშაოები შეასრულა, მიღება-ჩაბარების აქტში უთითებდა, რომ მათი გაკეთებული საქმის ხარისხი შპს ,,სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ’’ საკუთარ დასკვნაში ოფიციალურად მოიწონა. 

რეპუტაციული ზიანის მიუხედავად,  შპს ,,სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს" საექსპერტო დასკვნების წერა, არც ვარკეთილის მეტროს ინციდენტის შემდეგ შეუწყვეტია. . 2022 წელს, ბორჯომში გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, ,,სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ’’ თაღლითობის გზას მიმართა და სამუშაოების შემსრულებელ პირად, სატენდერო დოკუმენტაციაში, გარდაცვლილი ექსპერტი, გურამ წულეისკირი შეიყვანა. 

დავების განხილვის საბჭომ 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, მიცვალებული გეოლოგის ცოცხლად გამსაღებელ კომპანიას, დისკვალიფიკაცია მისცა.

მიზეზის დასაბუთება არ გასჭირვებიათ. სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს, დოკუმენტაციაში წარმოდგენილი ჰქონდა, 2021 წლის 21 სექტემბერს გარდაცვლილი წულეისკირის გაყალბებული ხელმოწერები და მისი თანხმობაც კი, რომელიც თითქოსდა მზაობას გამოთქვამდა, ბორჯომში სამუშაოების ჩატარებაზე.

თაღლითობის ფაქტის დადასტურების შემდეგ, სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულება მოჰყვა. 2022 წლის 12 აპრილს, ვარკეთილის მეტროს ჩამონგრევის ფიგურანტი კომპანია, ბორჯომში, მიცვალებულის ცოცხლად გასაღების გამო, შავ სიაში ჩასვეს.

ვაკის პარკის რეაბილიტირებული შადრევნის გახსნამდე, შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად, თბილისის მერიის კონტრაქტორმა "გრინ სერვისმა", დასკვნის დასაწერად, სწორედ შავ სიაში შეყვანილი ,,მშენებლობის ექსპერტიზის ბიურო’’ დაპატიჟა. 

სატენდერო დოკუმენტაციაში იძებნება 5 საექსპერტო დასკვნა, რომელსაც ხელს, ეს საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწერს. მკვლელი შადრევნის საქმეზე, დასკვნა ექსპერტიზის ბიურომ, შავ სიაში შეყვანიდან რამდენიმე დღეში 4 მარტს დადო. თბილისის მერიას არაფრად ჩაუგდია, ,,სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს’’ დისკვალიფიკაცია, არც ვარკეთილის მეტროს ინციდენტი და 29 აპრილს, 23 მაისს და 27 ივნისს მომზადებული მათი დასკვნებიც, სარწმუნოდ და დამაჯერებლად მიიჩნია. 

ბიურო, რომლის დასკვნაც, ვაკის ტრაგედიას წინ უძღოდა, 2016 წელს კახეთშია დაფუძნებული. ეს სწორედ ის წელია, როცა სესიაშვილი პარლამენტში, თელავის მაჟორიტარის სტატუსით შედის.

კომპანიას მოქალაქე მალხაზ ველიჯანაშვილი აფუძნებს, თუმცა მალევე, სულ რაღაც 4 თვეში, ველიჯანაშვილი, საკუთარ წილს, ირაკლი სესიაშვილის მეგობრის ცოლს საჩუქრად აძლევს. უცნაურ გარიგებაში მხოლოდ საჩიშვილის ცოლი არ ჩნდება, კომპანიის აქციების ნაწილს,  მისი რძალიც  საჩუქრად იღებს. 

ვარკეთილის ახლად რეაბილიტირებული მეტროსადგურის ჭერის ჩამონგრევის შემდეგ, სესიაშვილის მეგობრის ოჯახის წევრები, საკუთარ ბიზნეს წილებს, სრულიად უსასყიდლოდ, სხვა პირებს უფორმებენ. დიდი ალბათობით ამ შემთხვევაშიც, გადაფორმების პროცედურა ფიქტიურ ხასიათს ატარებდა და სკანდალის შემდეგ, საკუთარი გვარები საეჭვო კომპანიას გაარიდეს.
 

მსგავსი სიახლეები