სასამართლო სისტემას ლეგიტიმაციისა და ნდობის პრობლემა აქვს - 40 არასამთავრობო ორგანიზაცია
ხელისუფლება არ აღიარებს სასამართლოში არსებულ პრობლემებს და არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პრობლემები აღმოფხვრას და კონკრეტული რეფორმები გაატაროს - ამაზე საუბრობს 40 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
ქართული სასამართლო ფუნდამენტური გამოწვევების წინაშეა. სისტემას ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა და ნდობის კრიზისი აქვს, ეს დასკვნა 40 არასამთავრობო ორგანიზაციამ დადო.
"დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" კოალიციაში აცხადებენ, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა კლანის მხრიდან გრძელდება. არაფორმალური გავლენები კი განსხვავებულ აზრს ახშობს.
"საია"-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, არ მომხდარა შეფასების გაკეთება იმაზე, თუ როგორ მუშაობს კანონმდებლობა პრაქტიკაში. მესამე სექტორი სტრატეგიის შემუშავებაზე და სამოქმედო გეგმაზე საუბრობს, რომელიც მათი ვარაუდით გამოწვევებს უპასუხებს.
ამ დრომდე არ მომხდარა შეფასება იმისა, როგორ მუშაობს კანონმდებლობა პრაქტიკაში, ამ შეფასების გარეშე ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, რომ არსებობდეს შემუშავდეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც არსებითად გამოწვევებს უპასუხებდა, ამიტომ პირველი ნაბიჯი ეს არის შეფასების გაკეთება, რაც უნდა განახორციელოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ. მეორე საფეხური ეხება სასამართლო სისტემის გაჯანსაღების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. მესამე საფეხური უკვე დაკავშირებულია სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციასთან და, როგორც უკვე ვთქვით ეს სამივე საფეხური ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სამოქმედო გეგმა, რაც ახლავს საქართველოს შემუშავებული ეს არ არის ის, რაც არსებითად უზრუნველყოფდა სასამართლო რეფორმის განხორციელებას", - ამბობს, "საია"-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.