"ოცნება" ყოველწლიურად 23 მლრდ-ს ხარჯავს, თუმცა მოქალაქეებს არაფერი ეტყობათ - კირკიტაძე

09.10.23 11:42
"ოცნება" ყოველწლიურად 23 მლრდ-ს ხარჯავს, თუმცა მოქალაქეებს არაფერი ეტყობათ - კირკიტაძე

ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტს არასწორად განკარგავს. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება ყოველწლიურად 23 მლრდ ლარს ხარჯავს, თუმცა რიგით მოქალაქეებზე ეს არ აისახება. კირკიტაძე ფიქრობს, რომ "ოცნება" ბიუჯეტს თავის სასიკეთოდ იყენებს და ადგილი, სავარაუდო კორუფციას აქვს. 

მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის არის ხარჯვითი ნაწილი. წლებია, საქართველოს ხელისუფლება 22-23 მილიარდ ლარს ხარჯავს ყოველწლიურად ამ ქვეყანაში და საქართველოს მოქალაქეს არ ეტყობა არაფერი. არ მოგვარებულა არცერთი პრობლემა ძირეულად, ყოველწლიურად იზრდება რიცხვი ადამიანებისა, რომლებიც ითხოვენ სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას,  სოციალურ დახმარებას. წლებია იზრდება რაოდენობა საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც ტოვებენ ამ ქვეყანას და ეს ნიშნავს, რომ 23 მილიარდი არ იხარჯება ეფექტურად, ეფექტურად კი არა, ეს ნიშნავს პირდაპირ იმას, რომ 23 მილიარდი იხარჯება კორუფციულად, იხარჯება და ხმარდება „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების, აქტივისტების შენახვას. წლებია საქართველოში არ შემცირებულა არცერთი გადასახადი, ყოველწლიურად იზრდება ჯარიმები და ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით მდიდრდებიან ჩინოვნიკები და საქართველოს მოქალაქე რჩება მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარების გარეშე. როგორც გასული წლის ბიუჯეტში, ასევე ამ წლის ბიუჯეტში არ არის ასახული საზოგადოების არცერთი ფენის ინტერესი. ვიცით კარგად რომ ბავშვები სკოლაში მიდიან მშივრები ან ნახევრად მშივრები და ადგილი გვაქვს დიდ პრობლემასთან ამ მიმართულებით. იცით, რომ პენსიონერებს ახრჩობს ლიბერთი ბანკის და ხელისუფლების ერთობლივი მოქმედება და დიდი საპენსიო ვალები. იცით, რომ ჩვენი შუა ხნის ადამიანები მასობრივად ტოვებენ ქვეყანას, უდიდესი პრობლემები უდგათ ჩვენს სტუდენტებს, რომლებსაც არნახულად გაუძვირდათ დიდი რუსული ექსპანსიის შემდეგ, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მოხდა ამ ქვეყანაში და უამრავი რუსი ჩამოვიდა საქართველოს დედაქალაქში და დიდ ქალაქებში, არნახულად გაუძვირდათ ჩვენს სტუდენტებს ცხოვრება და ბინის ქირა და ამ მიმართულებითაც საქართველოს ხელისუფლება არ დგამს არცერთ ნაბიჯს. პრობლემები არ გვარდება, პრობლემები ყოველწლიურად იზრდება და ეს არ არის სწორედ იმ ხარჯვითი ნაწილის, იმ არასწორი ხარჯვის, არასწორი დაგეგმვის ბიუჯეტისა, რომელსაც „ქართული ოცნება“  წლებია ეწევა, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
 

მსგავსი სიახლეები