რეგლამენტში ცვლილებებს დავარქვათ "კობახიძის მორიგი ოხუნჯობა" - მანჯგალაძე
"რეგლამენტში ცვლილებებს დავარქვათ "კობახიძის მორიგი ოხუნჯობა - ევროპა ჩვენგან ელოდება სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციულ რეფორმებს, კობახიძემ მოიფიქრა რეფორმები, რომ ორი ვიცე-სპიკერი დაამატოს", - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.
პაატა მანჯგალაძე კენჭისყრის ღიაობის საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ცვლილებები მოწყვლადი დეპუტატების კონტროლის გაძლიერებას ემსახურება.
არჩევნებზე ადამიანებს ავალებენ, გადაუღონ მათ გაკეთებულ არჩევანს სურათი და გამოიტანონ, პარლამენტის წევრებს ამას ხომ არ ეტყოდნენ? ამ ქმედების ცივილიზებული ვერსიაა ეს ცვლილებები, ტელეფონით გამოტანის ნაცვლად, პირდაპირ იქნება ადამიანების სახელები და გვარები და მათი გადაწყვეტილება ცნობილი. ცვლილებები სჭირდებათ იმისთვის, რომ ვინც შანტაჟს, მოსყიდვას ექვემდებარება, ის ადამიანები გააკონტროლონ. არანაირ მეტ დემოკრატიას და თავისუფლების ხარისხს არ ემსახურება.
ამას დავარქვათ კობახიძის მორიგი ოხუნჯობა, ხუმრობა, რადგან მაშინ, როცა ევროპა ჩვენგან ელოდება სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციულ რეფორმებს, კობახიძემ მოიფიქრა რეფორმები, რომ ორი ვიცე-სპიკერი დაამატოს (პარლამენტში), ხმის მიცემა გამჭვირვალე გახადა და ეს ყოფილა თურმე საქართველოს ამოცანა. მე პირადად გამჭვირვალობაში არანაირ პრობლემას არ ვხედავ, ისედაც ვამბობდი, რას ვუჭერდი მხარს და რას არა, მაგრამ არიან მოწყვლადი დეპუტატები შანტაჟის და მოსყიდვის მიმართ, ამ ხალხის თავისუფლება იზღუდება, თორემ პაატა მანჯგალაძე გამჭვირვალე იქნება, ნახევრად გამჭვირვალე თუ სიფრიფანა, ამით არაფერი იცვლება ჩემთვის. მთელი მსოფლიო ელოდება რეფორმებს და "ქართულმა ოცნებამ" წინა კვირას გვითხრა, სერგო ჩიხლაძე რომ ეწერებოდა ხოლმე ხანდახან ჟურნალისტებს, ესაა პრობლემაო, მეორე პრობლემა თურმე ის ყოფილა, რომ ორი დამატებით ვიცე- სპიკერი არ გვყავს და ის, რომ პროცესები უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა კობახიძეს რამე არ გამორჩეს შემთხვევით პარლამენტში,"- განაცხადა მანჯგალაძემ.