როგორც კი ოკუპანტის სამხედრო ხომალდი ოჩამჩირეში შევა, ჩათვალეთ, ომში ვართ გაბმული - დევი ჭანკოტაძე
"როგორც კი ოკუპანტის სამხედრო ხომალდი ოჩამჩირეში შევა, ჩათვალეთ, ომში ვართ გაბმული - სიტუაცია ძალიან მძიმეა, არავის ვაშინებ, მაგრამ ომის წინ ვდგავართ", - ამ სიტყვებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დევი ჭანკოტაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მიმართა. ამ წუთებში პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.
ჭანკოტაძე დაინტერესდა, რაზე დაყრდნობით განისაზღვრა თავდაცვის ბიუჯეტად 230 მილიონი ლარი და განაცხადა, რომ ეს საკმარისი არაა.
მეგონა, ეს ბიუჯეტი განსაკუთრებული იქნებოდა, რადგან სიტუაცია ძალიან მძიმეა. არავის ვაშინებ, მაგრამ ომის წინ ვდგავართ, დამიჯერეთ. როგორც კი ოკუპანტი რუსი სამხედროს ხომალდი ოჩამჩირეში შევა, ჩათვალეთ, ომში ვართ გაბმული. თუ ამას ვერ ხედავთ, მე ამას ვხედავ. ამიტომ, ბიუჯეტი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მშვიდობიანად გადავლახოთ ეს სიტუაცია, ასე არ გამოვა. 230 მლნ ლარია გამოყოფილი, რომ თავდაცვის ძალებმა შეიძინონ შეიარაღება. ვთვლი, ეს არ არის საკმარისი, ეს დაახლოებით 85 მლნ დოლარია. მაგალითად, 85 მლნ დოლარად 1.5 ანტისაჰაერო ასეული შეგვიძლია შევიძინოთ, სადაც 9 დანადგარი შედის. თბილისი რომ დავიცვათ 7 ასეულ ასეთი გვჭირდება. ვერ ხედავთ ამ საფრთხეს? მთელი საქართველო ხედავს ამ საფრთხეს, ჩვენი მთავრობა - ვერა. რა გამოდის, ომისთვის მზადება არ მიდის. ამას ვერ გავექცევით, დიდი ალბათობით, მოხდება. მითუმეტეს, ხედავთ, ჯერ დაიწყო მოლდოვაში - რაც არ უნდა ეფერო, მაინც აურევს; მერე ყარაბაღში ეცადა სიტუაცია აერია; ახლა ისრაელში. შემდეგი შეიძლება ჩვენ ვიყოთ და რა, მზად ვართ? არ ვართ მზად. ამ ბიუჯეტს რომ ვუყურებ, არ არის მზად. ამ წელს სამხედრო ბიუჯეტი უნდა იყოს“, - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.