შეტაკებები ისრაელში - საქართველო-ისრაელს შორის საჰაერო მიმოსვლა არ შეწყვეტილა
ისრაელში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიუხედავად, საქართველო-ისრაელს შორის საჰაერო მიმოსვლა არ შეწყვეტილა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში BMG-ის განუცხადეს, რომ რეისის გადადება ან/და შეფერხებაზე მათთვის ავიაკომპანიებს არ უცნობებიათ.
აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ისრაელში მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა თბილისიდან არცერთი ფრენა არ გაუქმებულა და მხოლოდ რეისზე შეფერხება დაფიქსირდა.
დღეის მდგომარეობით საქართველოსა და ისრაელს შორის ფრენებს სამი ავიაკომპანია ასრულებს, მათ შორის ორი ისრაელურია. ისინი ქვეყნის ორ - თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან დაფრინავენ. Israir Airlines და El Al Israel Airlines თელ-ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე ასრულებენ ფრენებს. მათგან პირველი - კვირაში ორ რეისს, ხოლო მეორე სამ რეისს ასრულებს. თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს ასევე ასრულებს ქართული ავიაკომპანია Georgian airways-ც. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ფრენის ნებართვა აქვს El Al Israel Airlines-სა და Israir Airlines-ს ბათუმის აეროპორტიდანაც. 2022 წლის მონაცემებით, ამ ორ ავიაკომპანიას ქართულ საავიაციო ბაზარზე თითქმის 8%-იანი წილი ეკავათ.
რაც შეეხება საერთაშორისო ფრენებს, ავიაკომპანიების ნაწილმა ისრაელიდან და ისრაელის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერეს. მათ შორის არიან United Airlines; American Airlines, ხოლო გერმანულმა Lufthansa-მ რეისები ორშაბათამდე გააუქმა.