ბიუჯეტი, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ შემოიტანა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებს არის მორგებული - გიორგი ბოტკოველი

09.10.23 14:26
ბიუჯეტი, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ შემოიტანა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებს არის მორგებული - გიორგი ბოტკოველი

„ბიუჯეტი, რომელიც დღეს შემოიტანა აქ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეს არ არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს არის „ქართული ოცნების“ ბიუჯეტი, რომელიც მორგებულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებს და არა იმ რეალურ პრობლემებს, რომელიც აწუხებთ საქართველოს მოქალაქეებს“ -  ასე მიმართა გიორგი ბოტკოველმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძეს, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიას წარადგენს.

პოლიტიკოსის თქმით, ეს ქვეყნისთვის კატასტროფაა.

„როგორ ჩანს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ამ შემთხვევაში ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვერ იაზრებენ იმას, რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც პარლამენტში მიიღება, ხდება ან პარლამენტის წევრების ინიციირებით მიღება ან კონკრეტული სამინისტროების მხრიდან ინიციირებული კონკრეტული საკითხების კანონად წარმოქმნა ხდება, ამიტომ დღეს ჩვენ მივიღეთ პასუხები თურმე ამას ეს კანონი არეგულირებს, იმას ის კანონი არეგულირებს და არ მოგვისმენია არცერთი განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილის მხრიდან, რომ მაგალითად რომელიმე ინიციატივა, თუნდაც ჯარიმების შემცირებაზე, თუნდაც ნებისმიერ საკითხზე რომელიმე ინიციატივა შეიძლება რომ შემოსულიყო სახელმწიფოს მხრიდან, რაც უფრო მეტად გაუმარტივებდა ადამიანებს ცხოვრებას ჩვენს ქვეყანაში. მთავარი, რა თქმა უნდა, იყო იმ ინიციატივაზე საუბარი, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „სტრატეგია აღმაშენებს“, რათა მოხდეს საპენსიო დავალიანებების ჩამოწერა კონკრეტულ ადამიანებზე, ასეთი ადამიანი ქვეყანაში არის 360 ათასი პენსიონერი. ამის თანხა არსებობს ბიუჯეტში, ამ თანხის გამონახვა შეიძლება, მაგრამ არა, რადგან ლიბერთი ბანკი პირდაპირ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ დასაყრდენს, ლიბერთი ბანკიდან, რა თქმა უნდა, მდიდრდება როგორც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი რუხაძე, ასევე ამ ყველაფრით სარგებლობს ბიძინა ივანიშვილიც და არ უნდათ, რომ ეს ნაბიჯი გადადგან და ბიუჯეტში არის ამის თანხები, მაგრამ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, რადგან ეს არის ოპოზიციური პარტიების ინიციატივა, მაგრამ ამის გაკეთება მაინც მოუწევთ დარწმუნებული ვარ, ამაზე უკან დახევა მოუწევთ, რადგან თუ ვინმე იმსახურებს ამ ქვეყანაში პატივისცემას, ესენი არიან პენსიონერები, მათ შორის არიან ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი და ჩვენი მშობლები, ჩვენი ბებია-ბაბუები, რომლებიც ამას იმსახურებენ, რომლებსაც არ უნდა ატყავებდეს ლიბერთი ბანკი იმ საპენსიო პროცენტით, რომელ პროცენტსაც არიცხავს სესხის შემთხვევაში. მთავარი კითხვა ჩემი მხრიდან ბოლოს იყო, რომ ერთი შემთხვევა მაინც გაეხსენებინა რომელი ინიციატივის გათვალისწინება მოხდა თუნდაც გასული წლის ბიუჯეტში, რომელი ინიციატივის გათვალისწინება მოხდა მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაყენებული. „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ უკან არის 600 ათასი ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებმა დაადასტურა. ერთი ინიციატივა თუ მაინც გაითვალისწინა ფინანსთა სამინისტრომ, ვერ გაიხსენა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის ბიუჯეტი, რომელიც დღეს შემოიტანა აქ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეს არ არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს არის „ქართული ოცნების“ ბიუჯეტი, რომელიც მორგებულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებს და არა იმ რეალურ პრობლემებს, რომელიც აქვთ საქართველოს მოქალაქეებს.“ -  განაცხადა გიორგი ბოტკოველმა
 

მსგავსი სიახლეები