ემიგრანტებს მე კი არ უნდა ვამხნევებდე, საელჩო უნდა აკეთებდეს ამას - ისრაელში მცხოვრები ქართველი საელჩოს მიმართავს

09.10.23 14:36
ემიგრანტებს მე კი არ უნდა ვამხნევებდე, საელჩო უნდა აკეთებდეს ამას - ისრაელში მცხოვრები ქართველი საელჩოს მიმართავს

„მივმართავ საელჩოს, მეტად იყვნენ ხალხთან ახლოს, მე კი არ უნდა ვუკავშირდებოდე ემიგრანტებს, მე კი არ უნდა ვურეკავდე უცხო ადამიანებს და ვამხნევებდე, ისინი უნდა აკეთებდნენ,“ - ეს განცხადება ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ლელა ფართლაძემ გააკეთა.

როგორც ლელა ფართლაძე „დღის ამბებში“ ამბობს, ძალიან ბევრი ქართველია, რომელიც საელჩოსგან დახმარებას ვერ იღებენ. ლელა ფართლაძე საქართველოს საელჩოს მიმართავს და  მოქალაქეების მიმართ მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.

ლელა ფართლაძის ინფორმაციით, ისრაელში მყოფი ოჯახი დახმარებას ითხოვს, თუმცა, საელჩომ დახმარებაზე უარი უთხრა.

მინდა, მივმართო ჩვენს საელჩოს, შაბათს ვთქვი, რომ ბატონმა ლაშამ უყურადღებოდ არ დაგვტოვა, დაგვიდო პროტოკოლი, როგორ მოვიქცეთ. დაგვიდო ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრები, რომ დავრეკოთ საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ მე მაქვს ერთი კითხვა, მაინცდამაინც უნდა დაგვჭრან, რომ დავრეკოთ ცხელ ხაზზე? არ შეიძლება, რომ უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ ცხელ ხაზზე მყოფ ქართველებს? მე დღეს დამიკავშირდა ერთი ოჯახი, რომლებიც ახალი ჩამოსულები არიან, ცხოვრობენ ნაქირავებში, არიან დაბნეულები, არ იციან, როგორ მოიქცნენ, არ აქვთ საიმედო თავშესაფარი. ჩვენ მარტო საჰაერო დაბომბვის არ გვეშინია, გვეშინია ტერორისტების, იმიტომ, რომ არ ვართ დაცული, კარი იკეტება ბევრ თავშესაფარში, მაგრამ საშიშია.
 დაუკავშირდნენ საელჩოს, არ ვიცი, ვის ესაუბრნენ, მაგრამ უთხრეს, რომ დარჩით ადგილზე. არიან პანიკაში, უნდათ გადმოსვლა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, მაგრამ უარი უთხრეს, რომ ვერაფრით დაგეხმარებით, არ არის გამოცხადებული ევაკუაცია. ევაკუაცია არ არის გამოცხადებული, მაგრამ ხომ არიან ადამიანები, ვინც ფსიქოლოგიურად მზად არ არიან. მე 12 წელია, აქ ვარ, მე არასდროს შემშინებია ომის, მაგრამ უკვე მეც მეშინია. ეს არის ომი, არ ინდობენ ბავშვებს, მოხუცებს,“ - ამბობს ფართლაძე.

მსგავსი სიახლეები