ნანა ტოხვაძე - ჩინოვნიკების „სახრავი ბიუჯეტი“ - ასე აღიქვამს “ქართული ოცნება” ხალხის ფულს

09.10.23 15:30
ნანა ტოხვაძე - ჩინოვნიკების „სახრავი ბიუჯეტი“ - ასე აღიქვამს “ქართული ოცნება” ხალხის ფულს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე 2024 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტს აფასებს და განათლების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს უსვამს ხაზს. 

როგორც ნანა ტოხვაძე აღნიშნავს, მართალია ბიუჯეტში განათლების დაფინანსება იზრდება, თუმცა პრაქტიკაში არსებული პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება. 

დღემდე მოუგვარებელია მასწავლებელთა ანაზღაურების, მოსწავლეთა უფასო კვების და სახელმძღვანელოების პრობლემები. მისივე თქმით, მზარდი ბიუჯეტი მხოლოდ და მხოლოდ ერთეულების მდგომარეობას აუმჯობესებს და არამიზნობრივად იხარჯება:

2024 წლის ბიუჯეტის პროექტით განათლების დაფინანსება კვლავ 470 მლნ.-ით იზრდება და ჯამურად 2 მლრდ. 288 ლარს შეადგენს, თუმცა კვლავ ვერ პასუხობს განათლებაში არსებულ გამოწვევებს და ჩასხმული მილიონები არ აისახება არც დაპირებულ ბავშვთა უფასო კვების პროგრამაზე, არც სადამრიგებლო ხელფასის მატებაზე, არც სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დამცინავ ანაზღაურებაზე, ბაღის თანამშრომელთა ღირსეულთან მიახლოებულ ხელფასის გაცემაზე. 

რას მოხმარდება სიდიდით მესამე ბიუჯეტი და ვის მდგომარეობას გააუმჯობესებს? არავის, რადგან წყლის ორი წვეთივით ჰგავს წინა, იმის წინა წლის არამიზნობრივ ხარჯებს და კვლავ ჩინოვნიკების „სახრავი ბიუჯეტია“, რადგან ასე აღიქვამს ქართული ოცნება ხალხის ფულს. 

სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობას სკოლა უფასო გონია და არ ითვალისწინებს, რომ ჩვენი საერთო გადასახადებიდან შეკოწიწებული მილიონების ხარჯვა მიბარებული აქვთ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, რომელთა მადა უსასრულოა. 

შორს რომ არ წავიდეთ, მაგ. ყოველ წელს განათლების პოლიტიკის შემუშავებაზე იხარჯება 60-მდე მილიონი, ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობაზე კიდევ 48 მილიონი, თუმცა დაგეგმილი და ხელშეწყობილი პრაქტიკაში არაფერი გვინახავს! უფასო სახელმძღვანელოების საკითხი, რომლითაც თავს იწონებენ.

ყოველ წელს მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა ბიუჯეტს 2023 წელს 33 მილიონი დაუჯდა, ხოლო 2024 წლის პროექტით 36 მილიონი დაიხარჯება. სად მიდის ეს მილიონები და ვის ჯიბეში ილექება, როცა საჯარო სკოლები არა მხოლოდ წინა წელს გამოყენებულ სახელმძღვანელოებს არიგებენ, არამედ ლამის გრიფირების მინიჭების შემდეგ და დაბეჭდვიდან მოყოლებული თაობიდან თაობას გადასცემენ დაფხრეწილ, დაგლეჯილ, ყდამოხეულ წიგნებს. სახელმძღვანელოები ხშირად ისეთ მდგომარეობაშია, რომ თავმოყვარე მოსწავლეს გადაშლა რომ არ მოუნდება." - განაცხადა ტოხვაძემ.

მსგავსი სიახლეები