"ისრაელიდან ჯავშნები უქმდება” - სასტუმროების ფედერაციის ხელმძღვანელი

09.10.23 15:46
"ისრაელიდან ჯავშნები უქმდება” - სასტუმროების ფედერაციის ხელმძღვანელი

"ბოლო სამი დღის მონაცემებით, ომისა და არეულობის ფონზე, ისრაელიდან ჯავშნები უქმდება", - ეს განცხადება სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა გააკეთა.

როგორც დარგის წარმომადგენელი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ისრაელში საომარი მდგომარეობა ტურიზმს პირდაპირ დაარტყამს.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს ისრაელიდან ბევრი ტურისტი ეწვია, თუმცა, ბოლო სამი დღის ვითარებით, სასტუმროებში ისრაელიდან შემოსული ჯავშნები უქმდება. 

მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ისრაელიდან შემოსული ტურისტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, მიმდინარე წელსაც ისრაელი ტურისტების დიდი რაოდენობა გვყავდა, ისინი, ძირითადად ბათუმში და თბილისში ჩამოდიან, თუმცა, ბოლო სამი დღის მონაცემებით, ომისა და არეულობის ფონზე, ისრაელიდან ჯავშნები უქმდება”, - განაცხადა ალავერდაშვილმა.

ომის ფონზე ტურიზმში არსებულ მოლოდინებზე საუბრისას სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ცუდი მოლოდინები აქვთ, რადგან ისრაელში შექმნილი ვითარება სხვა მიმართულებებზეც აისახება. 

მოლოდინები ამ ეტაპისთვის ძალიან ცუდია, თუ ეს სიტუაცია მსხვილმასშტაბიან ომში გადაიზარდა, რასაკვირველია მსოფლიოსთვის და, კერძოდ, ტურიზმისთვის კარგი პერიოდი არ დადგება და უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი როგორ მოვიქცეთ. ამასთან, თუ მთელი რეგიონი ჩაერთო ომში, ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ისრაელიდან, არამედ ტურისტების ნაკადის მიღება ე.წ. გალფის ქვეყნებიდანაც შეწყდება, ეს კი ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან ეს ბაზრები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია ჩვენი ტურიზმისთვის. ომი ტურიზმის პირველი მტერია და ამ ეტაპზე, ტურიზმისთვის კარგი არაფერი ხდება”, - განმარტა შალვა ალავერდაშვილმა.

მსგავსი სიახლეები