ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ენმ-ს შესწორებას მხარი ერთხმად დაუჭირა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს, რომელიც 7-9 ოქტომბერს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში იმართება.
თინა ბოკუჩავამ შესწორება დააყენა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ, აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის დელეგაციების თანაწარდგინებით რუსეთის მიერ ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნასთან დაკავშირებით.
"ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ განზრახვას, ააშენოს საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში, საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც უკანონოდ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც შავი ზღვის რეგიონის დესტაბილიზაციის დამატებით საფრთხეს ქმნის"- წერია შესწორების ტექსტში.
თინა ბოკუჩავამ საპარლამენტო ასამბლეის წევრებს მიმართა და ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის განზრახვის დაგმობისკენ მოუწოდა.
ბოლო დროს განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა გადაწყვიტა ოკუპირებულ საქართველოში საზღვაო ბაზა ააშენოს, მე, როგორც საქართველოს წარმომადგენელი რეზოლუციაში ვითხოვ დამატებას, რომ რუსეთი უკანონოდ ოკუპირებულ ოჩამჩირეში, საქართველოს ტერიტორიაზე აშენებს ბაზას შავ ზღვაზე გავლენების მოსაპოვებლად. მადლობას ვუხდი აშშ-ის და უკრაინის დელეგაციას ამ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის და თქვენი მხარდაჭერის იმედიც მაქვს,“ - მიმართა თინა ბოკუჩავამ საპარლამენტო ასამბლეის წევრებს.