პარლამენტის მხრიდან ტარიელ ნაკაიძის მიმართ დისკრიმინაციის საქმეზე TDI-მ სასამართლოს მიმართა
დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. საქმე ეხება შემთხვევას, როცა ტარიელ ნაკაიძემ ყურბან ბაირამის გამო პარლამენტის სხდომა გააცდინა, პარლამენტმა კი ეს არასაპატიოდ ჩათვალა.
ტარიელ ნაკაიძე აღმსარებლობით მუსლიმია, რასაც ღიად აცხადებს, მათ შორის, პარლამენტში. TDI-ის განცხადებით, 27 ივნისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტარიელ ნაკაიძემ საჯაროდ ისაუბრა საქართველოში უქმე დღეების რეგულირების საკითხზე და აღნიშნა, რომ პრობლემურია, როდესაც ქვეყანაში არცერთი რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელს არ ეძლევა შესაძლებლობა, მისთვის მნიშვნელოვან რელიგიურ თარიღებზე ისარგებლოს უქმე დღით. მან ასევე აღნიშნა და მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ რადგან მომდევნო დღეს აღინიშნებოდა ისლამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, ყურბან ბაირამი, იგი, საკუთარი მრწამსიდან გამომდინარე, პრაქტიკულად იძულებული იყო, გაეცდინა 28 ივნისის პლენარული სხდომა.
ორგანიზაციისთვის ცხადია, რომ პარლამენტი უგულებელყოფს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას, რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციულად ეპყრობა არამართლმადიდებელ პარლამენტის წევრებს, რისი მსხვერპლიც გახდა მოსარჩელე ტარიელ ნაკაიძე.
ტარიელ ნაკაიძის სარჩელით მოთხოვნილია პარლამენტის მხრიდან მოსარჩელის მიმართ რელიგიისა და რწმენის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურება და ზიანის ანაზღაურება.
TDI იმედოვნებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო დააკმაყოფილებს ტარიელ ნაკაიძის სასარჩელო მოთხოვნას, რაც იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილება საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების და თანასწორობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნისათვის უქმე დღეებით სარგებლობის შესაძლებლობის თვალსაზრისით.
ტარიელ ნაკაიძე დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, საქართველოში საყოველთაო უქმე დღეებად გამოცხადებულია 17 დღე, რომელთაგან რელიგიურია 10 დღე და ყველა მათგანი მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულებია. მეორეს მხრივ, ტარიელ ნაკაიძეს, როგორც სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელს, არცერთი უქმე დღე არ აქვს საკუთარი მრწამსის შესაბამისად თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნავად. პარლამენტის რეგლამენტი არც ინდივიდუალური საჭიროებისამებრ ითვალისწინებს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების რეალიზების შესაძლებლობას და ამ მიზეზით გაცდენის საპატიოდ ჩათვლას.
ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტმა არ გაითვალისწინა ისეთი მნიშვნელოვანი ინტერესი, როგორიც რელიგიის თავისუფლების დაცვაა და უპირატესობა მიანიჭა პარლამენტის რეგლამენტის ფორმალური მოთხოვნის დაცვას, რომელიც, თავის მხრივ, მხედველობაში არ იღებს, რომ რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებულ პარლამენტის წევრებს არცერთი უქმე დღე არ აქვთ მათთვის მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად. ამგვარ პირობებში, პარლამენტს ინდივიდუალურად უნდა შეეფასებინა ტარიელ ნაკაიძის რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობის უმნიშვნელოვანესი ინტერესი და გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დაცვის სასარგებლოდ უნდა მიეღო”, – აცხადებს TDI.