ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქართულმა ავიაკომპანიამ უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და დაეხმაროს ისრაელში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.
სალომე ზურაბიშვილი ავიაკომპანიას მოუწოდებს, ნუ ქმნის ბარიერებს.
ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხალხისათვის დამატებით ბარიერებისა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ"- წერს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი განცხადებაში Georgian Airways-ის სახელს არ ახსენებს, თუმცა დღეს დილიდან აქტიურად ვრცელდება მოქალაქეების კომენტარები, რომ მათ ისრაელიდან თბილისში დაბრუნება სურთ, თუმცა "აირზენას" ბილეთების ფასები მინიმუმ ოთხჯერ გაზრდილია.
საქართველოს მოქალაქეების თქმით, შეზღუდული ფრენების ფონზე, მხოლოდ ერთი გზის საფასური 2000 ლარზე მეტი ღირს მაშინ, როდესაც ბილეთის ღირებულება 550 ლარს არასდროს აღემატებოდა.
ხმაურისა და უკმაყოფილების შემდეგ, Georgian Airways-მა განცხადება გაავრცელა. გაიაშვილის სამსახურში ამტკიცებენ, რომ გავრცელებული "სქრინები" ბიზნესკლასისაა.
"ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკაა, რომ გაფრენის წინა დღეებში ან უშუალოდ გაფრენის დღეს, ბილეთები ორჯერ და სამჯერ ძვირია, რაც დაახლოებით ათასამდე ლარს შეადგენდა. ერთი კვირით ადრე შეძენილი ბილეთების ფასი კი დაახლოებით 500 ლარის ფარგლებში იყო. ერთხელ კიდევ გავიმეორებთ: ბილეთის ფასები დამოკიდებულია ისრაელის ავიაკომპანიებზე"- აცხადებენ კომპანიაში.