ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტი ადამიანი არ არის - სამნიძე
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხატია სამნიძე "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის "საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე არანაირ პრიორიტეტს არ წარმოადგენს".
ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, "ქართული ოცნება" სწორედ ის ხელისუფალია, რომელიც საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით ყოველთვის მზად არის, გაწიროს როგორც მოქალაქე, ასევე ქვეყნის ინტერესები.
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტი ადამიანი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მათი არჩევნების სლოგანი იყო კეთილდღეობა და ადამიანზე ზრუნვა, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი, საკუთარი მოქალაქე პრიორიტეტი არ არის. ეს ვნახეთ ჩვენ შოვის ტრაგედიის დროს.
ეს არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ქალ და ბავშვ მოქალაქეებს არ იცავს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც არ არის კომპეტენტური, კვალიფიციური და ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაზე აისახება. რომელიმე მაღალჩინოსანს შეიძლება ვერტმფრენიც ჰყავდეს, მაგრამ ტრაგედიის დროს საკუთარი მოქალაქე არ გადაარჩინოს. მათ შეუძლიათ გაწირონ საკუთარი მოქალაქე, ქვეყნის ინტერესები, თუ მათ ეს გადაარჩენს - აღნიშნა ხატია სამნიძემ.