ჩამოშლილმა კედელმა დააზიანა ავტომობილები, ხეების წაქცევამ გამოიწვია საცობებიც - კალაძე
დედაქალაქის მერი კახი კალაძე მარიჯანის ქუჩაზე შენობის კედლის ჩამოშლას ეხმაურება და ამბობს, რომ არსებული შენობის მშენებლობა ამ დრომდე დასრულებული არ არის და შიგნით მაცხოვრებელი არ შესახლებულა.
კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელი მაქსიმალურად არის მობილიზებული და ცდილობს, ძლიერი ქარისგან გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრას.
გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს, ეს იყო მშენებარე ობიექტი. ეს არის მარიჯანის ქუჩაზე მდებარე, კომპანია „ცენტრ პოინტის“ ობიექტი, სადაც სამშენებლო სამუშაოები წლების წინ დაიწყო, თუმცა შენობა დაუმთავრებელია და მოსახლეობა არასდროს შესახლებულა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაწყებულია. უნდა მოხდეს შენობის დემონტაჟი, თუმცა ძლიერმა ქარმა კედლის ჩამოშლა გამოიწვია და ავტომობილები დაზიანდა. მინდა, ეს სწორი ინფორმაცია იცოდეს მოსახლეობამ და არ იქნეს ეს გამოყენებული მშენებლობის წინააღმდეგ, რასაც, ძირითადად, ადგილი აქვს
ხოლმე ოპოზიციის მხრიდან.დაფიქსირდა ხეების წაქცევის ფაქტები, რამაც განაპირობა კონკრეტული ქუჩების დროებით გადაკეტვა; დაზიანდა ავტომობილები; ხეების წაქცევამ გამოიწვია საცობებიც, რამაც ავტომობილების გადაადგილება შეზღუდა. ცენტრალური ქუჩები გახსნილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურისა და გამგეობების თანამშრომლები მაქსიმალურად არიან მობილიზებული.
ისინი მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ, რათა ყველგან მივიდეთ, სადაც პრობლემები ფიქსირდებოდა და მოსახლეობას დახმარება აღმოვუჩინოთ. საპატრულო პოლიციასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა პრობლემა მოგვარდეს - განაცხადა კახა კალაძემ.