დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დეკლარაციაში 5 უძრავი ქონება, ბიზნესი და შემოსავალი დამალა - TI

10.10.23 12:03
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დეკლარაციაში 5 უძრავი ქონება, ბიზნესი და შემოსავალი დამალა - TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ბაგრატიონმა, 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში  5 უძრავი ქონება, ბიზნესი და შემოსავალი დამალა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აცხადებს, რომ გიორგი ბაგრატიონმა არ მიუთითა თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი, სამეწარმეო საქმიანობა და მის სახელზე არსებული უძრავი ქონება. 

ბინა თბილისში, საკანდელიძის ქუჩაზე - 284 კვ.მ
სამი ავტოსადგომი თბილისში, საკანდელიძის ქუჩაზე - 17.3 კვ.მ, 17.3 კვ.მ და 25.9 კვ.მ
მიწის ნაკვეთი საგურამოში, მასზე არსებული მშენებარე კერძო სახლით - 2700 კვ.მ
ასევე, TI-ის ცნობით, იგი ფლობს 40% წილს კომპანიაში “შპს კომპანია აბული”. წილის მართვის უფლება, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, მას გადაცემული აქვს გარეშე პირზე.

გიორგი ბაგრატიონმა ბოლო დეკლარაციაში არ მიუთითა 2022 წლის განმავლობაში მის მიერ თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი. მან არც 2021 წლის შემოსავალი დაადეკლარირა. მის მიერ დეკლარირებული ბოლო ინფორმაციით, 2020 წელს მან შემოსავლის სახით 79 419,26 ლარი მიიღო.

"საყურადღებოა, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ ერთხელ უკვე დააჯარიმა გიორგი ბაგრატიონი 2019 წლის დეკლარაციის არასრულად შევსების გამო, როცა ის თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშში შემდეგი დარღვევებია ჩამოთვლილი:

“საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფართობის ცდომილება, ასევე მისი უძრავი ქონება არ არის მითითებული.”
“მისი და მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში არ არის მითითებული.”
“მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებულ ანაზღაურებაში ცდომილება, მისი და მისი ოჯახის წევრის შემოსავალი არ არის მითითებული".
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს გიორგი ბაგრატიონის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

მსგავსი სიახლეები