"ყველაფერი შესრულდა და გაკეთდა" - კალაძე 12 რეკომენდაციაზე
ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, "ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ ყველა რეკომენდაცია პირნათლად შეასრულა. კახა კალაძე ამბობს, რომ დასკვნას არ იცნობს, თუმცა ზუსტად იცის, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა.
ვენეციის კომისიის დასკვნას არ ვიცნობ, არ ვიცი რას წერს. თანამშრომლობას ყოველთვის მივესალმებით, ამას წინ არაფერი უდგას. საქართველო აქამდეც იმსახურებდა სტატუსს, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც ძალიან სამწუხაროა. ბოლოს, როდესაც ბატონი ბორელი იყო ჩამოსული, მინიშნებები, რაზეც იყო გაკეთებული, ყველაფერი გაკეთდა და შესრულდა, რაზეც იყო მოთხოვნები - გაკეთდა, - ამბობს კალაძე.
12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ "ქართულ ოცნებას" კრიტიკული დასკვნა გაუგზავნა. 18 გვერდიან დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ სასამართლო რეფორმა, რომელიც ქვეყნისთვის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი წინაპირობაა, შესრულებულად ვერ ჩაითვლება, რადგან "ოცნებამ" ახალი დოკუმენტი კომისიას ისე გაუგზავნა, რომ არცერთი წინა რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. საერთაშორისო სამართლის ექსპერტებმა პირდაპირ დაწერეს, რომ სისტემის მთავარ პრობლემა ისევ კლანი, არაფორმალური მმართველობა და გავლენები რჩება.