"ოცნებისთვის" გაუგებარია, რას გულისხმობს ვენეციის კომისია
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ გაუგებარია, რას გულისხმობს ვენეციის კომისია, როდესაც ამბობს, რომ სასამართლო რეფორმის რეკომენდაცია ისევ შეუსრულებელია. ვოლსკის თქმით, თუ კომისია გულისხმობს, რომ იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილებები 2/3-ით უნდა იქნეს მიღებული, ეს გადაწყვეტილებების ვერ მიღების ფორმულაა.
რას გულისხმობს ვენეციის კომისია, ჩემთვის ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ თუკი ეს იმას გულისხმობს ისევ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყოს გადაწყვეტილებები მიღების ის მექანიზმი, ის ფორმულა, როდესაც ნაწილი 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას და მეორე ნაწილი ასევე, 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას და ესენი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს, მე პირადად, ჩემი მხრიდან ვაცხადებ, რომ ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების ვერ მიღების ფორმულა.
სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემაში პოლიტიკური მიკერძოება არ არსებობს.
არცერთი ფაქტი იმისა, რომ სასამართლოში არსებობს რაიმე პოლიტიკური მიკერძოება ან არ არსებობს ის ნეიტრალური პოზიცია ან პროფესიონალიზმი არ არსებობს, ეგეთი მოსაზრება არსად წერია, - ამბობს ვოლსკი.
12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ "ქართულ ოცნებას" კრიტიკული დასკვნა გაუგზავნა. 18 გვერდიან დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ სასამართლო რეფორმა, რომელიც ქვეყნისთვის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი წინაპირობაა, შესრულებულად ვერ ჩაითვლება, რადგან "ოცნებამ" ახალი დოკუმენტი კომისიას ისე გაუგზავნა, რომ არცერთი წინა რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. საერთაშორისო სამართლის ექსპერტებმა პირდაპირ დაწერეს, რომ სისტემის მთავარ პრობლემა ისევ კლანი, არაფორმალური მმართველობა და გავლენები რჩება.