მურუსიძე შოკოლადში ჩასვა "ოცნებამ" და ეს რეფორმად ვერ ჩაითვლება - პაატა მანჯგალაძე
შეასრულეთ რეკომენდაციები და არანაირი "შეთქმულება" არ იქნება, - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე "ოცნების" პროპაგანდას, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიცია კანდიდატის სტატუსი ვერმისაღებად შეთქმულებას აწყობს.
ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მურუსიძე "შოკოლადში ჩასვა", რაც სასამართლო რეფორმად ვერ ჩაითვლება.
ვენეციის კომისია ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით რეკომენდაციები შესრულებული არ არის. ჩვენ ვნახეთ პროპაგანდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ოპოზიციას თურმე რაღაც შეთქმულება აქვს დაგეგმილი, რათა სტატუსი ვერ მივიღოთ. ხელისუფლება რომ რეკომენდაციებს არ ასრულებს და ამის გამო შესაძლოა, სტატუსი ვერ მივიღოთ, ეს ყოფილა, თურმე, ოპოზიციის დაგეგმილი. ძალიან მარტივია - შეასრულეთ რეკომენდაციები და არანაირი შეთქმულება არ იქნება. 9 რეკომენდაციაა შესასრულებელი, შეასრულეთ და ჩაგვიშალეთ „არეულობის გეგმა“. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იქ კონცენტრირებულია ძალაუფლება, რომელსაც აკონტროლებს ამერიკის მიერ სანქცირებული სასამართლოს კლანი მურუსიძის ხელმძღვანელობით და ბუნებრივია, ეს რეფორმად ვერ ჩაითვლება, როცა მურუსიძე, პირიქით, შოკოლადში ჩასვა „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ "ქართულ ოცნებას" კრიტიკული დასკვნა გაუგზავნა. 18 გვერდიან დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ სასამართლო რეფორმა, რომელიც ქვეყნისთვის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი წინაპირობაა, შესრულებულად ვერ ჩაითვლება, რადგან "ოცნებამ" ახალი დოკუმენტი კომისიას ისე გაუგზავნა, რომ არცერთი წინა რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. საერთაშორისო სამართლის ექსპერტებმა პირდაპირ დაწერეს, რომ სისტემის მთავარ პრობლემა ისევ კლანი, არაფორმალური მმართველობა და გავლენები რჩება.