სასამართლომ პროკურატურას ტვ პირველში შესვლის უფლება მისცა

11.03.21 12:58
სასამართლომ პროკურატურას ტვ პირველში შესვლის უფლება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დააკმაყოფილა პროკურორ ვლადიმერ ვექილიანის შუამდგომლობა და საგამოძიებო უწყებებს ტვ პირველში შესვლისა და მასალების ამოღების უფლება მისცა. ტვ პირველის გენერალური პროდიუსერი, ნოდარ მელაძე ამბობს,  9 მარტს გამოძიებამ კომპანიას რაღაც კონვერტისა და ელექტრონული მატარებლის გადმოცემა მოსთხოვა.

ითხოვდნენ კონვერტს და რაღაც ელექტრონულ მატარებელს, რომელზეც იყო მოთავსებული აუდიოჩანაწერები. საიდან დაადგინა, რომ ელექტრონული მატარებლით შემოვიდა აუდიოჩანაწერები ტელევიზიაში და დავუშვათ, თუ ელექტრონული მატარებლით შემოვიდა, ის ელექტრონული მატარებელი ისევ ტელევიზიაშია გამოძიების ეთერში გასვლიდან 4 დღის შემდეგ? თუ მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს აუდიოჩანაწერები, შესაბამისი განჩინებით მოგვმართონ — ამბობს ნოდარ მელაძე.

TV პირველის იურისტები უკვე ამზადებენ შესაბამის საპასუხო წერილს, რომელიც პროკურატურას გაეგზავნება.